როგორია Burger King-ის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები
Restaurant Brands International-მა (Ticker: QSR.TO) ბოლო კვარტალში გადააჭარბა მოლოდინებს როგორც მაღაზიებში გაყიდვების ზრდის, ასევე კორექტირებული მოგების მიმართულებით, რაც ძირითადად Burger King-ის ჭრილში დაფიქსირებული სტაბილური მოთხოვნით იყო განპირობებული.
აშშ-ის სწრაფი კვების კომპანიები ცდილობენ მოიზიდონ ბიუჯეტზე ორიენტირებული მომხმარებლები და ამისთვის ზრდიან ბიუჯეტური შეთავაზებების წილს, რადგან ცხოვრების გაძვირების ფონზე მომხმარებლები უფრო ეკონომიურ არჩევანზე აკეთებენ აქცენტს. იანვარში Restaurant Brands International-მა შემოიტანა დროებითი $4.99-იანი ორმაგი ჩიზბურგერის კომბო, ხოლო 2024 წლიდან მუდმივად მოქმედებს $5 და $7-იანი შეთავაზებები.
Burger King-ის აშშ-ის ბაზარზე შედარებითმა გაყიდვებმა 5.8%-ით მოიმატა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.1%-იანი ვარდნა იყო დაფიქსირებული. ანალიტიკოსები საშუალოდ მხოლოდ 3%-იან ზრდას ელოდნენ.
ცნობისთვის, კომპანიამ ბოლო წლებში ასევე დიდი ინვესტიციები ჩადო Burger King-ის რესტორნების განახლებასა და მოდერნიზაციაში.
მსგავსი პოზიტიური ტენდენცია აქვს სხვა სწრაფი კვების ქსელებსაც: Yum! Brands-მაც გადააჭარბა მოლოდინებს, ხოლო ინდუსტრიის ლიდერი McDonald's საკუთარ შედეგებს ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.