ტრამპმა Tesla-ს ავტომობილი შეიძინა და ილონ მასკისადმი მხარდაჭერა გამოხატა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტესლას“ მოდელის ავტომობილი შეიძინა და ამით კომპანია SpaceX-ისა და „ტესლას“ დამფუძნებლის, ილონ მასკისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ბოლო დროს, მთავრობის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავების მიმართულებით საქმიანობის გამო, ილონ მასკი და მისი კომპანია თავდასხმების სამიზნედ იქცა.
მასკის საქმიანობის გასაპროტესტებლად ბოლო დღეებში „ტესლას“ შოურუმებს შტატებში მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, დაწვეს ელექტრომობილები და მათი დამტენი სადგურები.
„ვყიდულობ „ტესლას“ პირველ რიგში იმიტომ, რომ კარგი პროდუქტია, ასევე იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ბევრი ენერგია და სიცოცხლე ჩადო ამ საქმეში და ვფიქრობ, ძალიან უსამართლოდ ექცევა მას ადამიანთა მცირე ჯგუფი. ის დიდი პატრიოტია და არ შეიძლება პატრიოტიზმის გამო ისჯებოდე. მან ჩვენ მთავრობაში მილიარდობით დოლარის თაღლითობა და გაფლანგვა გამოავლინა და მისი და ჩემი საქმიანობის დამსახურებით ამერიკა მალე ძალიან ძლიერი იქნება. ბოლო დღეებში რაც ვიხილეთ< დაუჯერებელია. ხალხს მოსწონს „ტესლას“ პროდუქტი, თუმცა მასკს სჯიან იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობები გამოააშკარავა. ეს დიდი უსამართლობაა. ამიტომაც ვყიდულობ ამ ავტომობილს, თუმცა მოგეხსენებათ მე არ მაქვს მანქანის ტარების უფლება. მას თეთრი სახლის პერსონალი გამოიყენებს“, - განაცხადა ტრამპმა.
სხვა სიახლეები
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა
13.05.2026.14:06
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
„2022 წლიდან დღემდე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და ნდობის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანასა და სომხეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი ბიუროკრატიული სამუშაოები 2026 წლის 11 მაისს დასრულებულია“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
თურქული მხარის მტკიცებით, ამიერიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთთან ვაჭრობის დროს საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად თურქეთისა და სომხეთის მითითებას შეძლებს.
ცნობისთვის, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობა არ არსებობდა. საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე სახელმწიფოს გავლით ხვდებოდა.