დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგროსფეისი“ მარწყვის ექსპორტის დუბაიში ცდილობს

„აგროსფეისი“ მარწყვის ექსპორტის დუბაიში ცდილობს

2023-05-07 23:00:16

კომპანია ,,აგროსფეისი" ექსპორტისთვის ემზადება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მეწარმე თენგიზ სალუქვაძე Business Insider Georgia- თან ამბობს ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესია და დეტალები ზუსტდება.

შესაბამისად, კონკრეტული ვადა, თუ როდის შეძლებენ დუბაიში ექსპორტის დაწყებას, სალუქვაძე ჯერ ვერ აკონკრეტებს.

„ამ ეტაპზე მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ვმუშაობთ. აქაც არის გარკვეული პრობლემა რეალიზაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად ხარისხისა, იმპორტულ მარწყვს თურქულ პროდუქტთან კონკურენცია უჭირს. ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის მარწყვი შედარებით იაფად, ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანია, მაგრამ ფასიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას გვიქმნის.

მაქსიმალურად ვართ ექსპორტზე ორიენტირებული, ამ მიმართულებით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ დუბაისთან, დეტალები ზუსტდება. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბოლომდე არც ჩვენ ვართ საქმის კურსში და არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი. ძალიან მონდომებულები ვართ და იმედია, გამოგვივა.

გარდა დუბაისა, რამდენიმე ბაზარზეც ვმუშაობთ, რუსეთი ამ ეტაპზე არ განიხილება იქ არსებული არასტაბილური გარემოს გამო", - ამბობს თენგიზ სალუქვაძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, „,აგროსფეისის" მარწყვი ძირითადად მსხვილ ქსელურ მარკეტებში იყიდება. 1 კგ. პროდუქტის ფასი 23 ლარია.

ცნობისთვის, კომპანია „აგროსფეისმა“ ოპერირება 2020 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში დაიწყო.

სასათბურე მეურნეობა 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და წლიურად, 40 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.

კომპანია სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი აგროსესხის“ ბენეფიციარია. ჯამურად, 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სათბურში ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები