დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტოიმპორტიორები რუსთავის ავტობაზრობის  ტარიფის შემცირებას ითხოვენ და კონკურენციის სააგენტოში საჩივრის შეტანას გეგმავენ - ასოციაცია

ავტოიმპორტიორები რუსთავის ავტობაზრობის ტარიფის შემცირებას ითხოვენ და კონკურენციის სააგენტოში საჩივრის შეტანას გეგმავენ - ასოციაცია

2023-09-06 15:00:08

ავტოიმპორტიორები რუსთავის ავტობაზრობას კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში უჩივიან. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის სახელით უწყებაში შეტანილი წერილის შემდეგ საჩივარი უშუალოდ იმ ავტოიმპორტიორებმა უნდა შეიტანონ, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. ასეთი კი 242 ადამიანია, რომლებიც სააგენტოში შეტანილ წერილს ხელი აწერენ და ახლა საჩივრის მომზადებას აპირებენ.

მათი მთავარი მოთხოვნა რუსთავის ავტობაზრობის ტარიფის შემცირებაა.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე Business Insider Georgia -თან იმ პირობებზე საუბრობს, რაშიც სექტორს უწევთ საქმიანობა.

,,ავტოიმპორტიორები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ბაზარი გაჯერებულია. ჯერ იყო პანდემიას, მერე სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო კოდექსის ადმინისტრირების გამკაცრება, აზერბაიჯანის საზღვრის დაკეტვა და სხვა ფაქტორები, ასევე სანქციები, რამაც მთლიანობაში მძიმე ვითარება შექმნა. საუბარია ინდივიდუალურ მეწარმეებზე, სულ 242 ადამიანია.

ბაზრობის ადმინისტრაციას თხოვნით მივმართეთ, რათა ტარიფი შეემცირებინათ. უკვე კონკურენციის სააგენტოს უნდა მიმართონ საჩივრით. ასოციაციამ წერილით მიმართა უწყებას, მაგრამ მოკვლევა რომ დაიწყოს, საჩივარი უნდა შევიდეს უშუალოდ ავტოიმპორტიორების მიერ და არა ასოციაციის სახელით. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ მოგვმართეს დახმარების თხოვნით და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ", - ამბობს ნონიაძე.

მისი თქმით, რეექსპორტზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ავტოიმპორტიორების მოგების მარჟა მცირდება და მზარდი სავაჭრო მოცულობების ფონზე ერთეული ავტომობილების რაოდენობა მცირეა.

„ერთი შეხედვით, ვაჭრობის მოცულობა იზრდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბევრი ავტომობილი იყიდება. როცა საუბარია, რომ გრანდიოზული ზრდაა, ვაჭრობის მოცულობა გაზარდა და გაყიდული ერთეულების რაოდენობა არ მატულობს. ავტოიმპორტიორი გაყიდული ავტომობილების მიხედვით ითვლის. მთავარი არ არის რამ გაიარა მის ხელში, რა დარჩა მას და რა დარჩა ეკონომიკას. ამ მხრივ მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა, ურჩევნიათ, დაბალ მარჟაში გაყიდონ, რის გამოც ფაქტობრივად აღარ უღირთ მუშაობა.

რაც შეეხება კაპიტალდაბანდებას, თუკი ადრე ავტომობილის საყიდლად იმპორტიორს სჭირდებოდა საშუალოდ 10 000 დოლარი, ახლა ეს მაჩვენებელი 15 000 დოლარია. ჩამოყვანისთვის საჭირო იყო 3-4 თვე, ახლა 6 თვე სჭირდება. გარდა ამისა, მოგების მარჟა მცირდება, რადგან მოთხოვნა დაბალია, მიწოდება - გაცილებით მეტი. შესაბამისად, მძიმე მდგომარეობაში არიან და სანამ ეს სიტუაცია გამოსწორდება, რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაციას შეეძლო გარკვეული შეღავათი გაეწია ამ ადამიანებისთვის, თუ გაკოტრდება ეს ხალხი, უკვე მეტთან მოუწევთ სასამართლო დავა", - ამბობს ალექსი ნონიაძე.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს პოზიციას, უწყებაში Business Insider Georgia -თან ადასტურებენ, რომ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის სახელით შევიდა წერილი, ხოლო მოკვლევის დასაწყებად უნდა შეივსოს საჩივრის ფორმა უშუალოდ ავტოიმპორტიორების მიერ, რაც ჯერჯერობით არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ავტოიმპორტიორების მოთხოვნაა რუსთავის ავტობაზრობის ტარიფების ორჯერ შემცირება, იმ მომენტამდე, სანამ ვაჭრობა არ გამოცოცხლდება და მათაც არ მიეცემათ ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები