დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფსტას ექსპორტს 2-3  წელიწადში დავიწყებთ, მანამდე ორიენტირი ადგილობრივი ბაზარია  -  ,,ტარიბანა“

ფსტას ექსპორტს 2-3 წელიწადში დავიწყებთ, მანამდე ორიენტირი ადგილობრივი ბაზარია - ,,ტარიბანა“

2023-04-06 15:30:12

დედოფლისწყაროში ქართული ფსტას მწარმოებელი, კომპანია „ტარიბანა-2016“ მესამე მოსავალს ელოდება. 

კომპანიის თანადამფუძნებელი ბაკურ კიკაძე ამბობს, რომ ქართული ფსტა ფორმის, ზომის, ფერისა და გემოვნური თვისებით მსოფლიოში გამორჩეულია და სამომავლოდ გეგმავენ ექსპორტს ევროპაში, თუმცა მანამდე ძალების მოსინჯვას ქართულ ბაზარზე შეეცდებიან.

„ფსტა ამ ეტაპზე მყნობის პროცესს გადის. ჰიბრიდული საძირეები, ამერიკული ჯიშისაა, რასაც მცენარე უნდა დაემყნოს. კარგად ასხია, გამიჭირდება საპროგნოზო მაჩვენებლის დასახელება, უფრო მაისის ბოლოს გამოჩნდება. ექსპორტზე ჯერ არ ვფიქრობთ, 2-3 წელიწადში ამის შესაძლებლობა გვექნება.

გარკვეული პარტიის გატანა მანამდეც შეიძლება, მაგრამ გვინდა ქართულ ფსტა პირველად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდოს. ჰიპერმარკეტებში 1 კგ. ფსტა 12 ლარი ღირს, ამ დროს იმდენად უხარისხოა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფასიც დიდ გაოცებას იწვევს, რადგან ამ პროდუქტის ღირებულება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე 12-15 დოლარის ფარგლებშია, თუმცა შეიძლება სამომავლოდ გაძვირდეს, რადგან ირანში მოსავალი უამინდობის გამო განადგურდა და ფასმა თითქმის 2-ჯერ მოიმატა.

დიდი ალბათობით, ფასის ზრდა ევროკავშირის ბაზრებზეც იქნება მოსალოდნელი“, - ამბობს ბაკურ კიკაძე Business Insider Georga-თან.

როგორც მეწარმე ამბობს, შარშანდელი მოსავალი არ გაყიდეს და ნაწილი მთლიანად სათესლე მასალად გამოიყენეს, ნაწილიც - ლაბორატორიული კვლევებისთვის.

კიკაძის თქმით, ქართული ფსტა დიდი პოტენციალის მქონე მცენარეა, რომელსაც განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს როგორც ექსპორტზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.

„მუდმივად დაკვირვების რეჟიმში ვართ. ქართული ფსტა ფორმის, ზომის, ფერისა და განსაკუთრებით, გემოს გამო მსოფლიო ბაზარზე გამორჩეულ ნიშას დაიკავებს, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ამ კულტურის მიმართ მომავალში მეტი დაინტერესება იქნება. დიდი შანსია, რომ ქართული წარმოება განვავითაროთ, ჩვენი დალოცვილი მიწა ამ მხრივ დიდ შესაძლებლობას გვაძლევს“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით ევროპისა და აზიის ქვეყნებში მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით კი ჩინეთსა და ინდოეთში, რაც შეეხება ფასს 1 კგ მშრალი ფსტის ფასი 12$ -დან 15$- მდე მერყეობს.

კომპანიამ საცდელი ნაკვეთი 2016 წელს 1 ჰექტარზე გააშენა. 2018 წელს კი დამფუძნებლების შერჩეული საძირით ფსტას ბაღი 47 ჰექტარზე გაშენდა (ჯამში, 22 500 მცენარე).

ნაკვეთში მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და 10400 კუბ/მ. - ის მოცულობის წყლის აუზი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია დედოფლისწყაროში ფსტის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნას აპირებს. სადაც როგორც მათი, ასევე დაინტერესებული ფერმერების მოსავალი გადამუშავდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები