დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი: სებ-ის ამ გადაწყვეტილებას დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი: სებ-ის ამ გადაწყვეტილებას დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე

2023-10-18 20:00:35

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ Business Insider Georgia-თან ეროვნული ბანკის ფინანსური კომიტეტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა. კერძოდ, 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სესხების ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. ამასთან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდანსებ- დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში."

ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რაც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დღეს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. პირველი, რომ არაუზრუნველყოფილი სესხების ვადიანობა ისევ უბრუნდება ძველ რეჟიმს. კერძოდ, გასული წლის ზაფხულამდე, ამ ტიპის სესხების ვადიანობა იყო 4 წელი და შემდეგ 3 წლამდე შემცირდა.

რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება 2022 წელს, რატომ გაამკაცრა პოლიტიკა არაუზრუნვეყოფილ სესხებზე და რა გახდა 1-ელი ნოემბრიდან ამ მიმართულებით დაკრედირების შემსუბუქების მიზეზი?

რომ შევხედოთ, 2019 წლამდე ასეთი ტიპის სესხების ზრდა ძალიან მაღალი იყო, რაც რისკს წარმოადგენდა ასეთი ტიპის მსესხებლისთვის. შემდეგ 2019 წლიდან, რიგი ღონისძიებები შემოიღო ეროვნულმა ბანკმა დედოლარიზაციის კუთხით, რათა ფინანსური სტაბილურობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამას მოჰყვა ის, რომ სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. თუმცა, როცა COVID19-ის პანდემიიდან გამოვიდნენ ქვეყნები, 2021 წლიდან ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპი ისევ აჩქარდა და 2022 წლის მარტში პიკს მიაღწია - 40%-ით გაიზარდა. ფაქტობრივად, ეს იყო წინაპირობა იმისა, რომ ეროვნულ ბანკს ამ ტიპის სესხებზე ვადიანობა 4-დან 3 წლამდე შეემცირებინა. მიმდინარე მონაცემებით ამ ტიპის სესხების დინამიკა ჩამოვიდა 8%-მდე. ის ღონისძიება, რაც სებ-მა გასულ წელს გაატარა ერთწლიანი იყო. დაინახეს შედეგი და ახლა ფაქტობრივად დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას.

რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას საერთო დაკრედიტებაზე?

ადრე ჩვენი შეფასება იყო, რომ ვადიანობის შემცირებას არაუზრუნველყოფილ სესხებზე 8,2%-მდე ექნებოდა გავლენა, ფაქტობრივად, იგივე შეგვიძლია ვივარაუდოთ ახლაც. პოზიტიური კუთხით, ეს ნიშნავს იმას, რომ საკრედიტო პორტფელზე დადებითად აისახება. ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპი შესაძლოა, 15-20% ფარგლებში მოექცეს. ადრინდელ 40%-თან შედარებით განახევრდება და ეს რისკს არ წარმოადგენს. ამ გადაწყვეტილებას დადებითი გავლენა ექნება საკრედიტო პორტფელისა და ეკონომიკურ ზრდაზე.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, რომელიც ეხება ზღვრის გაზრდას, ეს ფაქტობრივად არის დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელება. ვხედავთ, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტები, როგორც სესხების, ისე კრედიტების მიმართულებით მცირდება, თუმცა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება და გარკვეულწილად ამ რისკის რეალიზაციის შემთხვევაში შესაძლოა, უარყოფითი ინსტინქტები უფრო დიდი იყოს. ამიტომ სასურველია, დოლარიზაციის კოეფიციენტი 20-30%-ის ფარგლებში იყოს, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ფიქსირდება. იმისთვის, რომ გაგრძელებულიყო, გაზარდეს ეს ზღვარი, მაგრამ ამავდროულად შემოიღეს მეორე - ჰეჯირების ელემენტი. თუ 200-დან 300-ათასამდე იზრდება ზღვარი, ამ მოცულობის სესხები, მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს, ხოლო 300 000 - ლარამდე შესაძლოა, გაიცეს უცხოურ ვალუტაში, ვისი შემოსავლის წყაროც არის უცხოური ვალუტა.

რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პორტფელზე? არის თუ არა ეს გარკვეულწილად გადაწყვეტილების გამკაცრება?

ამ მოცულობის სესხებს ძირითადად ამ მიზნით იღებენ... ასეთი ტიპის პოტენციური მსესხებლები იმაზე ნაკლები არის ჰეჯირების ნაწილში, ვიდრე ის, რომ ზღვარი 200 000 -დან 300 000 ლარამდე გაიზრდება და მისი ეფექტი იქნება დოლარიზაციის მაჩვენებელზე.

სავარაუდოდ, რამდენი პროცენტით შემცირდება სესხების დოლარიზაცია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე?

ამ ორ ცვლილებას თუ გავაერთიანებთ, დაახლოებით პირდაპირი ეფექტი დოლარიზაციის შემცირებაზე უნდა იყოს ერთი პროცენტული პუნქტი. რაც შეეხება სხვა ეფექტებს, აქ ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ფაქტობრივად დაახლოვდნენ. ჩვენთან არის ისეთი პოლიტიკა, რომ ინფლაცია შემცირდა და ეროვნული ბანკი ადავიდა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ეტაპზე. ლარში დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთები მოსალოდნელია, რომ კიდევ ქვემოთ ჩამოვიდეს მომავალი წლისთვის. ამიტომ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებს, იქნებიან ფიზიკური პირები თუ იურიდიული პირები, უკეთესი იქნება მათთვის ლარში სესხის აღება. იმიტომ რომ, თუ აქამდე უცხოურ ვალუტაში ანიჭებდნენ უპირატესობას, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ სპრედი იყო დიდი და თუ გაცვლითი კურსის ცვლილებას არ მოელოდნენ, მაშინ უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებზე ხარჯი უფრო ნაკლები იყო. მაგრამ ახლა უკვე შეიცვალა ვითარება და ლარში დაკრედიტება მათთვის უფრო მიმზიდველია.  

რომ შევაჯამოთ, როგორ შეაფასებთ სებ-ის ამ გადაწყვეტილებებს?

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია სებ-ის გადაწყვეტილებები პოზიტიურად შევაფასოთ დედოლარიზაციის კუთხით და საბანკო დაკრედიტებაზე ჩვენი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებებს გავლენა არ ექნება. თუ გლობალურად არ მოხდა ცვლილებები, მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბლა წამოვა და ამ გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაკრედიტების ზრდის ტემპის იმ დონეზე შენარჩუნებას, რაც ახლოს იქნება ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები