დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გემოვანი“ ბაზრის დივერსიფიკაციისთვის, მეწარმეებს „მზეთამზეს“ ტექნოლოგიით პურის გამოცხობის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შესთავაზებს

„გემოვანი“ ბაზრის დივერსიფიკაციისთვის, მეწარმეებს „მზეთამზეს“ ტექნოლოგიით პურის გამოცხობის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შესთავაზებს

2024-04-10 15:00:00

„გემოვანი პურის უწყვეტი  წარმოების მიზნით,  მოგვიწია წარმოების სხვა საწარმოში გადატანა. მიზეზი ერთია, ვერ გავუმკლავდით ჩვენს ინფრასტრუქტურულ პრობლემას.  იანვრის თვიდან მზეთამზეს პურს შპს ,,სიმი” აწარმოებს“, კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Business Insider Georgia-ს „გემოვანის“ თანადამფუძნებელ ირაკლი ჩავლეიშვილს დაუკავშირდა.  

საინტერესოა, რა გეგმები აქვს კომპანიას, რომელიც წარმოების გაფართოებასა და ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავდა.

როგორც „გემოვანის“ თანადამფუძნებელი ამბობს, ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

„ჩვენი მიზანია პურის წარმოების განვითარება ისე,როცა პროდუქტის წარმოებაში გამოყენებული იქნება ქართული ხორბალი და მარგებელი ტექნოლოგია. გვსურს, რაც შეიძლება ბევრი მეწარმე აწარმოებდეს ჩვენი ტექნოლოგიით პურს და „მზეთამზეს“ ბრენდით ვახორციელებდეთ დისტრიბუციას.

წარმოება, რომელსაც ვამუშავებდით ბოლო 4 წლის განმავლობაში, გადავწყვიტეთ გადავაკეთოთ სასწავლო დაწესებულებად. ეს იქნება ობიექტი, სადაც ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც პურს აცხობს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს და თეორიულად და პრაქტიკულად ისწავლოს პურის წარმოება ფერმენტაციის წესის სრული დაცვით. ეს პერიოდი უნდა შეადგენდეს 16-18 საათს, ისე როგორც ხდება „მზეთამზეს“ ბრენდის ქვეშ წარმოება.

მანამდე წარმატებით განვახორციელებთ დეცენტრალიზების ტაქტიკა და სხვა წარმოებაში იგივე ნედლეულითა და ტექნოლოგიით, ხდება პურის წარმოება. ეს არ არის იოლი გზა დაახლოებით 2-3 მეწარმე გვყავდა ჩართული პროცესში მაგრამ დღეს მხოლოდ ერთზე გავჩერდით, რომელმაც აითვისა „მზეთამზეს“ ბრენდის ქვეშ პურის წარმოების ტექნოლოგია. ჩვენი მიზანია ასევე მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ხარისხი, რადგან როცა გვეყოლება ბევრი მწარმოებელი, ეს იქნება მათი მთავარი გამოწვევა“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

მისი თქმით, „მზეთამზეს“ ტექნოლოგიით პურის წარმოება ბევრ მეწარმეს სურს, ამიტომაც გადაწყდა თბილისში, ზღვის უბანში მდებარე საწარმოს გადაიარაღება.

„ზღვის უბანში მდებარე ქარხანა ძველი ინვენტარისგან გავცალეთ. სჭირდება კოსმეტიკური რემონტი. მოლაპარაკება გვაქვს პოტენციურ ინვესტორთან. საწარმოში განხორციელდება კოსმეტიკური რემონტი, მოხდება სივრცის საჭირო დანადგარებით აღჭურვა და შემდეგ ყველა მეწარმე ვისაც სურვილი ექნება გაივლის პურის წარმოების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. თეორიული კურსის გავლის შემდეგ, მინი საწარმოში ყველას ექნება  პროდუქციის შექმნის შესაძლებლობა. შემდეგ კი „გემოვანის“ ბაზაზე სპეციალური ტექნოლოგიის შესწავლის შემდეგ  პურის წარმოებას თავის რეგიონში დაიწყებს და პროდუქციას „მზეთამზეს “ კონტრაქტით გაყიდის“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

კომპანია „მზეთამზე“ 2015 წლიდან ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებისგან ამზადებს ფქვილს და მარგებელი ტექნოლოგიით, ბუნებრივი საფუვრის გამოყენებით აცხობს პურს. კომპანიის ნაწარმი ყველა ქსელურ მარკეტში იყიდება. „მზეთამზეს“ ბრენდით პურის 10 სახეობა ცხვება, აქედან 5 არტიზანულია. 

იგივე თემაზე: 

„მზეთამზე“ წარმოებას აფართოებს და პურის ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები