დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლობალურ ბაზრებზე პრიორიტეტი მაღალი სეგმენტის ღვინო  უნდა გახდეს - ,,უსახელოურის“ დამფუძნებელი

გლობალურ ბაზრებზე პრიორიტეტი მაღალი სეგმენტის ღვინო უნდა გახდეს - ,,უსახელოურის“ დამფუძნებელი

2023-05-26 13:00:00

საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინის „ხომლის უსახელოურის“ დამფუძნებელი თამაზ ომანაძე ფიქრობს, რომ მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზრებზე, ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის პრიორიტეტი მაღალი სეგმენტის ღვინო უნდა გახდეს.

მეღვინე განსაკუთრებულ აქცენტს დიდი ბრიტანეთის, ევროპის, იაპონიისა და ამერიკის ბაზრებზე აკეთებს.

თამაზ ომანაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს, დიდი წარმოების შესაძლებლობა რეალურად ვერ ექნება, მაგრამ შეუძლია გეზი მაღალ საფასო სეგმენტზე აიღოს და განსხვავებული წარმოებით მიიქციოს ღვინის მოყვარული ქვეყნების ყურადღება. ,,ვფიქრობ, რომ ძირითად მაღალი ხარისხის ღვინო უნდა ვაწარმოოთ. მესმის, რომ განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ ჩვენ სწორედ პრემიუმ ღვინო უნდა შევთავაზოთ. სულ ახლახან ვიმყოფებოდი დიდ ბრიტანეთში, სადაც პირველად ვეწვიე რჩეული ღვინოების მაღაზია Hedonism Wines-ს, სადაც ჩემი ღვინო ,,ხომლის უსახელოური“ იყიდება. მაღაზიაში ესპანური, ფრანგული, იტალიური ღვინოებისთვის ცალკე სექციაა. ქართული ღვინო ,,სხვა ევროპული ღვინოების“ სექციაში იყო წარმოდგენილი. მაღაზიის მენეჯმენტი ცდილობს, რომ მოეწყოს ცალკე სექცია ქართული ღვინოებისთვის, ამისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება უზრუნველყოს. ნატურალური ქვევრის ღვინო, რომელიც გამოარჩევს ქართულ ღვინოს, საკმაოდ ძვირადღირებულია და მისი გაყიდვების პოტენციალი გლობალურ ბაზრებზე განსაკუთრებით მზარდია“, - აღნიშნა თამაზ ომანაძემ. .

ცნობისთვის, „ხომლის უსახელოურის“ ფასი ლონდონის ბაზარზე 900 ფუნტს შეადგენს. გაყიდვაშია საქართველოშიც, სადაც მისი შეძენა სულ რამდენიმე ობიექტშია შესაძლებელი: „8000 მოსავალი“, ,,ღვინის გალერეა“ და ,,მარიოტი“. ადგილობრივ ბაზარზე 1 ბოთლი ,,ხომლის უსახელოურის“ ფასი 750-850 ლარის ფარგლებშია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები