დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჰერბიამ“ საწარმოს გაფართოებისთვის მიწის ნაკვეთი იყიდა

„ჰერბიამ“ საწარმოს გაფართოებისთვის მიწის ნაკვეთი იყიდა

2024-04-09 17:00:00

კომპანია „ჰერბია“ გაფართოებას გეგმავს. ამ მიზნით კომპანიამ ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ორი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა. ორი მიწის ნაკვეთიდან ერთი 19788.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებს აერთიანებს და მასში კომპანიამ 214 500 ლარი გადაიხადა, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი 25524.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია და აღნიშნულ ლოტში კომპანიამ 258 000 ლარი გადაიხადა. 

როგორც Business Insider Georgia-ს „ჰერბიას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა, აღნიშნული ტერიტორიის შეძენა საწარმოს გაფართოების მიზნით მოხდა. ჯანელიძის განმარტებით, მას შემდეგ რაც მიწის ყიდვასთან დაკავშირებული ყველა ბიუროკრატიული პროცესი დასრულდება, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. „ჰერბიას“ დამფუძნებელი ინვესტიციის მოცულობაზე ამ დროისათვის არ საუბრობს.

„როგორც კი ყველაფერი გაფორმდება სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ინვესტიციის მოცულობას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუმცა ვიცით რომ უნდა განვითარდეს საწარმოოს პროცესი“, - აღნიშნა „ჰერბიას“ დამფუძნებელმა. 

ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული.

კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში.

„ჰერბიამ“ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება.

„ჰერბიას“ სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები