დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰოლდინგური კომპანიების შეთანხმებით, მოსახლეობისთვის მედიკამენტების გაძვირებას არ დაუშვებთ - ჯანდაცვის მინისტრი

ჰოლდინგური კომპანიების შეთანხმებით, მოსახლეობისთვის მედიკამენტების გაძვირებას არ დაუშვებთ - ჯანდაცვის მინისტრი

2023-03-20 15:57:34

„ის რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანიაა ბაზარზე დომინანტი, მათი შეთანხმებით არ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს მიადგეთ ზიანი და მედიკამენტები გაუძვირდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ პრობლემას მკაცრი მონიტორინგი მოაგვარებს. 

„ვგულისხმობ იმას, რომ თუ მათი [ჰოლდინგური ფარმაცევტული კომპანიების] შეთანხმებით შესაძლებელია მედიკამენტებზე არარეალურ ნიშნულამდე ფასის გაზრდა და ისინი თავიანთი შეხედულებით დააწესებენ ამ ფასებს, რომელიც საბოლოო ჯამში მოსახლეობისთვის მედიკამენტების გაძვირებას გამოიწვევს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს კანონის ფარგლებშივე, რეფერენტული ფასის ფარგლებშიც რომ იყოს.

[ჰოლდინგური კომპანიები] არ ითვალისწინებენ არც სოციალურ პასუხისმგებლობასა და არც იმას, რომ ისინი არიან დომინანტები ბაზარზე. ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება. შესაბამისი იქნება ამ ეტაპზე რეაგირება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან, რომელიც უკვე იმ ეტაპზეა, რომ რამდენიმე კვირაში პირველივე მონახაზი იყოს, რა მოხდა რეალურად.

იქ არის ახსნა კომპანიების, რომ [ფასების ზრდა არარეფერენტულ მედიკამენტებზე] შემთხევვაით მოხდა. ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია ამბობს, რომ ტექნიკურად როცა გადაატარეს ფასები, სისტემამ თვითონ გააძვირა და მერე როცა გაიგეს ფასები ისევ შეამცირეს. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია და ჩვენი პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს მოქალაქეებთან მიმართებით, მინდა იგივე პასუხისმგებლობა გაიზიარონ კომპანიებმაც“, - ამბობს აზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1100 მედიკამენტზე რეფერნტული ფასი მოქმედებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები