დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფლაცია არ არის იმ დონეზე, რომ ჰორეკა სექტორში ფასები გაიზარდოს - შოთა ბურჯანაძე

ინფლაცია არ არის იმ დონეზე, რომ ჰორეკა სექტორში ფასები გაიზარდოს - შოთა ბურჯანაძე

2023-11-05 15:00:00

ფასები ზრდა ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ წარმოუდგენელია, თანაც ინფლაცია არ არის იმ დონეზე, რომ ჰორეკა სექტორში ფასები გაიზარდოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. 

„ზოგადად ფასებზე გავლენას ახდენს, სხვა და სხვა ფაქტორები. მაგალითად, როდესაც სხვა სექტორებში არის ფასების წერტილოვანი ზრდა - ძვირდება ნავთობი, ასევე როდესაც არის ექსპორტ-იმპორტში დიდი დისონანსი იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება ხდება. ამ დროს სადისტრიბუციო ქსელი ფასებს ზრდის.

აქტიური ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, ჰორეკა სექტორზე მოთხოვნა შემცირდა. სადაც მოთხოვნა უფრო დაბალია ვიდრე მიწოდება, ლოგიკურია, იქ ფასები ვერ გაიზრდება“, - ამბობს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა. 

წლიურ ჭრილში ქვეყანაში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების ფასები გაძვირდა.

როგორც ,,საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურების ფასები 7%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ოქტომბრის მონაცემებს, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა.

წლიურ ჭრილში, ფასების 5,8%-იანი ზრდაა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები