დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Lineate მხარს უჭერს Do IT with the EU პროექტს, IT სპეციალისტების გადამზადების მიმართულებით

Lineate მხარს უჭერს Do IT with the EU პროექტს, IT სპეციალისტების გადამზადების მიმართულებით

27-11-2023 20:30:52

საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტის Do IT with the EU განხორციელება იწყება, რომელსაც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელებს. Do IT with the EU-სთან აქტიურად ითანამშრომლებს ამერიკული კომპანია Lineate.

როგორც Business Insider Georgia-სთან  ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში გადამზადებულ IT სპეციალისტებს Lineate-ი სამომავლოდ საკუთარ თანამშრომლებადაც მოიაზრებს.

„საქართველოს მდგრადი განვითარების სამინისტრო და GITA, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "Do IT with the EU", რომლის ფარგლებშიც ახალი IT სექტორის მიმართულებით გადამზადდება 1300 პროფესიონალი. რა თქმა უნდა Lineate, როგორც სხვა ტექ-პროექტებს, მათ შორის, "Do IT with the EU-საც მხარს უჭერს და აქტიურად ჩაერთვება მის განხორციელებაში. ეს ჩვენთვის იქნება დამატებითი ადგილობრივი ტალანტი, რომელსაც ჩვენ მოვიაზრებთ, როგორც ჩვენს სამომავლო თანამშრომლებს“, - ამბობს თორნიკე სულაბერიძე.

მისივე თქმით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ამ ადამიანებს GITA გადაამზადებს. „რა თქმა უნდა ჩვენთანაც გაივლიან გარკვეულ კონსულტაციებს, თუ რა მიმართულებით და რა პოზიციებზეა მოთხოვნა  ამის შემდეგ უკვე სექტორზე დაყრდნობით გააკეთებს გადამზადებას GITA საუკეთესოებს კი კომპანიაში დავასაქმებთ. აღნიშნული პროგრამა განხორციელდება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. რადგანაც დღეს თბილისი არის ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი, ის მოიცავს მთელს საქართველოს და ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი მექანიზმი, რომ არამხოლოდ თბილისში არამედ უკვე რეგიონებშიც ვიპოვოთ ტალანტები“, - აღნიშნა Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

დღეს Lineate Georgia-ს თბილისის გარდა წარმომადგენლობა აქვს ბათუმშიც, თუმცა თორნიკე სულაბერიძე ამბობს, რომ კომპანიის მიზანია საქართველოს თითოეულ რეგიონში შექმნას ერთგვარი მიზიდულობის ცენტრები, განახორციელოს სხვადასხვა პროექტები და ამ გზით მოიზიდოს ადგილობრივი ტალანტები.

„ჩვენ ამ ეტაპზე გაქვს წარმომადგენლობა ბათუმში, თუმცა სამომავლოდ განვიხილავთ გაფართოებას და მიზიდულობის ცენტრების შექმნას სხვადასხვა ქალაქში ეს იქნება ქუთაისი თუ სხვა. რეგიონი არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ“, - განმარტავს თორნიკე სულაბერიძე.

უკვე ცნობილია, რომ 2024 წელს Lineate Georgia ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზარზე Lineate Dev School-ის პროექტის განახორციელებს.

კომპანია Lineate Dev School-ის პროექტის განხორციელებას აპირებს ასევე სხვადასხვა რეგიონებშიც. რაც შეეხება პროექტს „Do IT with the EU“, რომლის ფარგლებშიც Lineate კადრების ზრდას განიხილავს, 2 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მენეჯმენტი და სხვა.

1000 IT სპეციალისტს მიეცემა საშუალება მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი, 300 IT-ი სპეციალისტს კი მიეცემა დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა, რათა გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი "Do IT with the EU", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო დონის სტანდარტების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობების შექმნის გზით, ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იმპლემენტაციით.

ახალი პროექტის "Do IT with the EU" გახსნის ღონისძიებას ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდნენ.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ 2014 წლიდან ინტენსიურად დაიწყო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარება, ეს სექტორი ამ პერიოდიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა და ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაფუძნდა.

„სააგენტოს მეშვეობით ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ეკოსისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა, განვითარდა და სულ სხვა ბიძგი მიეცა, რაც ეკონომიკაშიც აისახა რიცხვებში. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სააგენტოს, მის გუნდს და ყველა იმ პარტნიორს, ვინც ამ წლების განმავლობაში ახდენდა ამ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, მათ შორის, პროექტის მონაწილეებს. ჩვენი ხედვით, საქართველოს ეკონომიკა სწორედ ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული და მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იქნება მომავალში კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

”პროექტი “Do IT with the EU” საქართველოს ტექნოლოგიური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი მთავარი მიზანი, როგორც გახსნით ღონისძიებაზე იყო აღნიშნული, ინოვაციების აქტიური ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების ზრდაა ქვეყანაში",- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე სიახლეები და ვაკანსიები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ დაანონსებულ პროგრამებს, შეხვედროდნენ საერთაშორისო IT კომპანიის წარმომადგენლებს და მეტი ინფორმაცია მიეღოთ სფეროში არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები