საქართველოს საბანკო ასოციაცია კიბერთაღლითობის თავიდან აცილების მიზნით რჩევებს გვიზიარებს:
„უკანასკნელ პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა კიბერთაღლითები, კიბერთაღლითობის მსხვერპლის შესარჩევად ყიდვა-გაყიდვის მსხვილ პლატფორმებს იყენებენ. თუ პირს აღნიშნულ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაზე გასაყიდი ნივთი აქვს, მას WhatsApp ან Viber-ის საშუალებით უკავშირდებიან და ნივთის საფოსტო ან საკურიერო სერვისით მიწოდებას სთავაზობენ; შემდეგ თითქოსდა საკურიერო სერვისის ყალბ ბმულს უგზავნიან და შემდგომი ინსტრუქციების მიყოლას სთხოვენ.
გაუთვიცნობიერებელი გამყიდველი გადადის მიღებულ ბმულზე (ყალბ გვერდზე), რომელიც რომელიმე ბანკის ინტერნეტ-ბანკის გვერდის მსგავსი შეიძლება იყოს და გვერდზე არსებული მითითების შესაბამისად, შეყავს დისტანციური არხის (ინტერნეტ-ბანკის) ან სულაც ბარათის სრული მონაცემები.
გაფრთხილდით - ამგვარად ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხდება! - გაუფრთხილებელი მომხმარებელი თვითონ გადასცემს თაღლითს ინტერნეტ-ბანკის ან ბარათის მონაცემებს და მას ანგარიშიდან თანხა ეჭრება. ნაცვლად იმისა, რომ პირიქით - გასაყიდი ნივთის თანხა ანგარიშზე ჩაერიცხოს“ - ნათქვამია საბანკო ასოციაციის მიერ გაზიარებულ ინფორმაციაში
როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ არ გავხდეთ მსგავსი თაღლითური შემთხვევების მსხვერპლი?
1) არავითან შემთხვევაში მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ბმულზე არ გადახვიდეთ და არ შეიყვანოთ ინტერნეტ-ბანკის ან საბანკო ბარათის მონაცემები;
2) ნივთის ონლაინ გაყიდვისას, მყიდველს თქვენთვის თანხის ჩასარიცხად გაუზიარეთ მხოლოდ თქვენი საბანკო ანგარიშის, ან პირადი ან მობილურის ნომერი.
3) თუ გადაუმოწმებლად მიჰყევით ბმულს და შეიყვანეთ ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელი და პაროლი, იმ წამსვე გამოცვალეთ თქვენი ინტერნეტ-ბანკის პაროლი
4) თუ აღმოაჩინეთ, რომ თაღლითურ გვერდზე საბარათე მონაცემები გააზრიარეთ, უმალვე დაუკავშირდით მომსახურე ბანკს და დაბლოკეთ ბარათი. ის ბარათი შემდგომ აღარ გამოიყენოთ და შეუკვეთეთ ახალი.
უახლესი