დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპები უნდა გაძლერდნენ - Lineate Georgia-ს განვითრების მენეჯერი

საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპები უნდა გაძლერდნენ - Lineate Georgia-ს განვითრების მენეჯერი

2023-12-01 19:00:58

13-16 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი გაიმართა. ღონისძიებას 160-ზე მეტი ქვეყნის 2 600-ზე მეტ სტარტაპი, 70 000-ზე მეტი მონაწილე და 800-ზე მეტი ინვესტორი ესწრებოდა, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ოპერირებენ.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023 - ზე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, წელს მასშტაბური სივრცით იყო წარმოდგენილი. სამიტში მონაწილეობდა კომპანია Lineate Georgia.

სამიტის შესახებ Business Insider Georgia-Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერს, თორნიკე სულაბერიძეს ესაუბრა: 

როგორ შეაფასებდით სამიტს პორტუგალიაში და პანელური დისკუსიების მიღმა თუ გქონდათ პირისპირ შეხვედრები პოტენციურ კლიენტებთან?

წლევანდელმა Web Summit -მა საკმაოდ შთამბეჭდავად ჩაიარა, ძირითადი აქცენტები გაკეთდა ხელოვნურ ინტელექტზე და მის გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და საკანონმდებლო რეგულაციებზე.

გარდა პანელური დისკუსიისა, ჩვენ გვქონდა 15-მდე ორმხრივი შეხვედრა ჩანიშნული სხვადასხვა პოტენციურ კლიენტებთან FinTech-ის, AdTech-ისა და ლოგისტიკის სექტორში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული შეხვედრების საფუძველზე უახლოეს მომავალში შევიძენთ ახალ მომხმარებლებს ევროპულ ბაზარზე.

დამატებით, როგორც იცით, წელს Web Summit-ზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სსააგენტოს ორგანიზებით, საქართველო პირველად იყო სტენდით წარმოდგენილი. ამ ღონისძიებაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და საკმაოდ ბევრ ვიზიტორთან გვქონდა კომუნიკაცია, გარდა წინასწარ ჩანიშნული B2B შეხვედრებისა.

რომ შევაჯამო, საკმაოდ საინტერესო და წარმატებული გამოდგა სამიტი და მომავალ წელსაც ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას.

პორტუგალიაში გამგზავრებამდე Lineate Georgia-მ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ ქართული კომპანია ამერიკულის ნაწილია, ამ გლობალურ სამიტზე საქართველოს წარადგენდა. როგორ წარდგა საქართველო ამ სამიტზე და მოხდა თუ არა იმ პოტენციალის წარმოჩენა რაც ქვეყანას გააჩნია?

როგორც, აღვნიშნე, საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი სტენდით. რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მსგავსი აქტივობები მნიშნველოვანია ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტექ სექტორის ბუმს საქართველოში.

როგორც იცით, Web Summit-ი  არის ყველაზე დიდი ღონისძიება ჩვენ სექტორში და ღირსეულად წარმოჩენა ხელს უწყობს აღნიშნულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას. საქართველო უკვე წლებია თავს იმკვიდრებს როგორც, საინტერესო ტურისტული ადგილმდებარეობის მქონე ქვეყანა მსოფლიოში. ჩემი აზრით, ტურიზმის სექტორის მსგავსად, ჩვენ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი ტექნოლოგიურ სექტორში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სახელმწიფოს მიერ ქვეყნის პოპულარიზაცია ამ მიმართულებით.

სამიტზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მოუსმინეთ - თუ შეიძლება გვითხარით რა პრიორიტეტები გამოიკვეთა რეგიონში და ზოგადად რა უნდა გაკეთდეს  ქვეყანაში TECH მიმართულებით, რათა განვითარებული ქვეყნების გვერდით აღმოვჩნდეთ? რა არის ჩვენი პოტენციალი და როგორია ჩვენი ბაზრისადმი მოთხოვნა და ინტერესი?

ზოგადად რეგიონის ძირითადი უპირატესობააა ბიზნესგარემო და ხელმისაწვდომი ტალანტი. იმისათვის რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტექ გარემო რეგიონში და კერძოდ, საქართველოში აუცილებელია, ხელი შევუწყოთ მიმდინარე პროცესებს, ვგულისხმობ საერთაშორისო ტექ კომპანიების საქართველოში გადმოსვლას. ამისათვის საჭიროა, კიდევ უფრო მეტი ტალანტის გადამზადება, ციფრული განათლების გაუმჯობესება და ასევე, სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტის არსებობა.

ამასთანავე, ქვეყანა ეტაპობრივად უნდა გაძლიერდეს ტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით.

მოხარული ვარ, რომ Web Summit-ზე გარდა ტექ კომპანიებისა ქართული სტარტაპებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი. სწორედ მათი წარმატება განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ტექ მიმართულებით უკვე წარმატებული სახელმწიფოების სიაში ყოფნას.

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ქართული TECH/IT მიმართულების კომპანიების ჩართულობა და რატომ?

Web Summit -ი არის მსოფლიოში უდიდესი ტექ ღონისძიება, სადაც დაახლოებით 70 000 მდე მონაწილე და ასობით კომპანია იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ სამიტზე ღირსეულად წარმოდგენა მნიშვნელოვანია როგორც კერძო კომპანიებისათვის ასევე, საქართველოსთვის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები