დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართველი ფერმერები შესაძლოა, პიტაჰაიას წარმოებით დაინტერესდნენ

ქართველი ფერმერები შესაძლოა, პიტაჰაიას წარმოებით დაინტერესდნენ

2023-09-12 14:00:45

პიტაჰაია, იგივე დრაკონის ნაყოფი ტროპიკული ბოსტნეულია, რომელიც ქართულ ბაზარზე ახლახან გამოჩნდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. პროდუქტი თითქმის ყველა ქსელური მარკეტის დახლებზეა და უკვე აგრარულ ბაზრებშიც იყიდება.

როგორც „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი ჯაბა გოგოლაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს პიტაჰაია უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა. ამ პროდუქტს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს, მათ შორის უკვე საქართველოში.

ფერმერი არ გამორიცხავს, რომ მისი წარმოებული პროდუქტების სიას პიტაჰაიაც დაემატოს. ფიქრობს, რომ ცდა ღირს, მთავარია სასათბურე გარემო შეუქმნას მცენარეს, რადგან სითბოს მოყვარულია.

„პიტაჰაია განსაკუთრებული ვიზუალისა და გემოს მქონე მცენარეა, რაც მას განსაკუთრებით უფრო მიმზიდველს ხდის. ამ ყველაფრის გარდა, ეს ხილი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. საქართველოში არავინ აწარმოებს, ძირითადად იმპორტულია. ძალიან საინტერესო ბოსტნეულია, მოთხოვნადია მრავალ ქვეყანაში და საქართველოშიც.

იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერიმენტები მიყვარს, არ გამოვრიცხავ, ვიყო პირველი, ვინც პიტაჰაიას წარმოებას დაიწყებს ქართულ ბაზარზე.

პიტაჰაია მექსიკაში იწარმოება ძირითადად და გადის ევროპაში, იქიდან - საქართველოში. ზამთარს ვერ უძლებს, სასათბურე მეურნეობაში შეიძლება მოყვანა. ტურისტებში ძალიან პოპულარულია და ამ ტენდენციას უკვე ქართველი მომხმარებლებიც აჰყვნენ, საინტერესოა, გარისკვა ღირს", - ამბობს ,,რკ ოზაანის" დამფუძნებელი.

პიტაჰაიას ასევე დრაკონის ნაყოფად მოიხსენიებენ. ლეგენდის მიხედვით, როცა შეტაკებაში დრაკონი იღლებოდა და აღარ შეეძლო ცეცხლის ფრქვევაა პირიდან, შემდეგ ეს ნაყოფები სცვიოდა..

პიტაჰაიას სამშობლო ამერიკაა და მცენარე კაქტუსების ტიპს მიეკუთვნება, შესაბამისად, ისეთ პირობებს საჭიროებს, როგორც კაქტუსი, თუმცა გარეგნულად ხვიარა ლიანას ჰგავს, ყვავილობს თეთრი დიდი ყვავილებით,რომლებიც ღამით იშლება, მოსავალს წელიწადში 5-ჯერ იძლევა. ნაყოფი ტკბილია, აქვს ძლიერი სუნი, რბილობი არაჟნის კონსისტენციის, თანაბრად განაწილებული კურკებით, აქვს ბანანის და კივის გემო. პიტაჰაია ძირითადად გავრცელებულია მექსიკაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. თუმცა ბოლო წლებში უხვი რაოდენობით მოდის ინდონეზიაში, მალაიზიასა და ვიეტნამშიც. შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის.

რაც შეეხება სასარგებლო თვისებებს, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია: გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტური ეფექტით; მდიდარია ცილით, რაც ძვლებისთვის ძალიან სასარგებლოა; რეკომენდებულია მაღალწნევიანებისთვის; ლიკოპეინის ეფექტის საშუალებით, გულის შეტევის რისკს ამცირებს; შაქართან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე მცენარეა; არის დაბალკალორიული, დიეტურია; შეიცავს კალიუმის მინერალს, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს, სხეულის ტენიანობას აბალანსებს და იცავს კანს ბაქტერიებისგან.

ქართულ ბაზარზე 1 კგ. პიტაჰაიას ფასი 15-22 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები