დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხუთი ფაქტორი, რომელიც ბიზნესის განვითარებას აფერხებს - BAG

ხუთი ფაქტორი, რომელიც ბიზნესის განვითარებას აფერხებს - BAG

2023-10-16 12:30:59

2023 წლის III კვარტალში, 2023 წლის II კვარტალთან შედარებით, შემცირდა იმ კომპანიების წილი (9 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. ასევე, აღნიშნული მაჩვენებელი 11 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 2022 წლის III კვარტალთან შედარებით.

ამის შესახებ BAG-ის კვლევაშია ნათქვამი. 

2023 წლის III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 64% ასახელებს ხელის შემშლელად).

სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (ყველა გამოკითხულმა კომპანიამ, რომლისთვისაც არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, აღნიშნული პრობლემა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებისთვის (შესაბამისად, 50% და 50%) .

საწარმოს ზომის მიხედვით, ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიები ასახელებენ აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად (72%).

2023 წლის III კვარტალში, სა­მუ­შაო ძა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 49%-მა დაასახელა.

სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე ვაჭრობის სექტორისთვისაა (63%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (61%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის III კვარტალში, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 44%-მა დაასახელა.

სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მომსახურების სექტორისთვისაა (56%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მრეწველობის სექტორისთვის (0%). საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (72%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის III კვარტალში, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გაც­ვ­ლი­თი კურ­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 29%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (50%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (22%).

საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (44%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის III კვარტალში, შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 13%-მა დაასახელა.

შეზღუდული ფინანსური რესურსები, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (25%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებს აქვთ (17%). 

ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა შემსუბუქდა (19 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა (8 პროცენტული პუნქტით). 

ბიზნესისთვის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები

2023 წლის III კვარტალში, იმ კომპანიათა უმეტესობამ, რომლებმაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს ხელის შემშლელ ფაქტორად, წინა პერიოდების მსგავსად, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მო მიიჩნიეს ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.

სექტორებს შორის, მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად დასახელდა ვაჭრობის სექტორში (75%), ხოლო აღნიშნული ფაქტორი ყველაზე ნაკლებად მშენებლობის სექტორის მიერ სახელდება (50%). სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, მეორე ადგილს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­კითხე­ბი იკავებს. აღნიშნული ფაქტორი სექტორებს შორის, ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მომსახურების სექტორში დაფიქსირდა (60%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორებში (შესაბამისად, 50% და 50%). რაც შეეხება სა­სა­მარ­თ­ლო სის­ტე­მას, აღნიშნული ფაქტორი ხელის შემშლელად ყველაზე მეტად მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა (შესაბამისად, 50% და 50%), ხოლო ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორში (38%).

მთლიანობაში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია იმ კომპანიათა წილი, რომელიც სასამართლო სისტემასა და ადმინისტრაციულ საკითხებს ასახელებდა ხელის შემშლელად (შესაბამისად 7 და 5 პროცენტული პუნქტებით), ხოლო შემცირდა იმ კომპანიათა წილი, რომლებიც მარეგულირებელ გარემოს მიიჩნევს ხელის შემშლელად (28 პროცენტული პუნქტით)

დაფინანსება

2023 წლის III კვარტალში, დაფინანსების მოძიება სცადა გამოკითხულ კომპანიათა 41%-მა, რაც წინა კვარტალთან შედარებით მცირედით შემცირებული მაჩვენებელია (2 პროცენტული პუნქტით) 

2023 წლის III კვარტალში, მათგან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა, 24% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული (10 პროცენტული პუნქტით)

რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს8, 2023 წლის III კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობის განცხადებით, ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან. ამასთან იმ კომპანიათა პროცენტული წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, 2023 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მოლოდინი გაცვლითი კურსის შესახებ

2023 წლის III კვარტალში, 2023 წლის II კვარტალთან შედარებით, მცირედით გაიზარდა (4 პროცენტული პუნქტით) იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ. ამასთან, 2023 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები