დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანიებიდან ინტერესი იზრდება, მოლოდინია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების ტრენდი გაგრძელდება - Galt & Taggart

კომპანიებიდან ინტერესი იზრდება, მოლოდინია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების ტრენდი გაგრძელდება - Galt & Taggart

2024-02-20 12:00:00

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება.

დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე. ცნობილია, რომ პროექტში აქტიურად იქნებიან ჩართული საბროკერო კომპანიებიც. 

თუ როგორ წარმოუდგენია პროექტის განხორციელება და ზოგადად მისი პერსპექტივები Business Insider Georgia „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს ვანო კიკვილაშვილს ესაუბრა. 

- კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მიმართულებით სააგენტო „აწარმოე საქართველოში"  ახალ პროგრამას იწყებს. ალბათ აღნიშნული პროექტის დეტალებს კარგად იცნობთ და მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანზე ორიენტირებული პროექტი შეიძლება იყოს და რამდენად დაეხმარება ის ბიზნესს ფასიანი ქაღალდების ემისიის მიმართულებით? 

- როგორც მოგეხსენებათ, 2023 წელს დასრულდა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის“ პროგრამის საპილოტე ვერსია, რომელიც „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ ხორციელდებოდა ევროკავშირისა და EBRD-ს მხარდაჭერით. აღნიშნულმა პროგრამამ თანადაფინანსება გაუწია 7 ემიტენტ კომპანიას საკუთარი ემისიის ხარჯების ნაწილში. როგორც ასევე მოგეხსენებათ, 2023 წელს საჯარო კორპორატიული ემისიების მოცულობა 80%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი და ხელშემწყობი სწორედ ეს პროგრამა იყო.  

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  პროექტი,  აღნიშნული საპილოტე პროგრამის გაგრძელებაა, რომლის მიმართაც ძალიან დადებითი მოლოდინები გვაქვს, სწორედ წარსული გამოცდილებიდან. 

- რამდენად არის მზაობა, სურვილი და ფაქტია შესაძლებლობაც კერძო სექტორის მხრიდან, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ჩაერთონ და ფასიანი ქაღალდები გამოუშვან? ვინაიდან 2024 წელი მაინც საარჩევნო წელია, ამ მიზეზის გამო თავს ხომ არ შეიკავებს ბიზნესი? 

- ემიტენტების მხრიდან მზაობა ნამდვილად არის. 2023 წელს 11 კორპორატიული ემიტენტი იყო ბაზარზე, აქედან 7 სრულიად ახალი კომპანია იყო, რაც ბაზრისთვის უპრეცედენტოდ მაღალია. 2024 წელსაც კომპანიების მხრიდან დაინტერესება იგრძნობა, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს რომ ბაზრის განვითარების ტრენდიც გაგრძელდება. საარჩევნო წლის მიმართ ამ ეტაპზე ნეგატიური მოლოდინები არ გვაქვს ბაზრის ზრდის ტემპის შემცირების კუთხით.

- იმ კომპანიებს, რომლებმაც დღემდე ფასიანი ქაღალდები გამოუშვეს, მათ ამ საქმეში გალტ ენდ თაგარტი და თიბისი კაპიტალი ეხმარებოდით, სახელმწიფო პროექტის ამოქმედების შემდეგ თქვენ  „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად ჰარმონიულად მუშაობა გიწევთ, თუ სახელმწიფო კერძო სექტორის კონკურენტი გახდა?

- თანამშრომლობა იქნება ჰარმონიული. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ემისიის ხარჯების თანადაფინანსებას გაუწევს იმ კომპანიებს, რომლებიც გამოუშვებენ საჯარო ფასიან ქაღალდებს. აქედან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ არათუ კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს, არამედ მხარდაჭერას გამოუცხადებს მათ საქმიანობას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები