დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კურიერების პარტნიორობა პლატფორმულ ბიზნესთან დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობად ვერ იქნება განხილული - ფინეთის სასამართლომ დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და ევროკავშირის პოზიცია გაიზიარა

კურიერების პარტნიორობა პლატფორმულ ბიზნესთან დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობად ვერ იქნება განხილული - ფინეთის სასამართლომ დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და ევროკავშირის პოზიცია გაიზიარა

2024-02-23 11:29:00

დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ევროკავშირი და ახლა უკვე ფინეთი - პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების დასაქმებულებად აღიარება ფინეთის სასამართლომ სამართლიანად არ მიიჩნია. სასამართლოს განჩინებით, კურიერების პარტნიორობა პლატფორმული ბიზნესის კომპანიებთან დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობად ვერ იქნება განხილული და ამისთვის არაერთი არგუმენტი არსებობს. მათ შორისაა ის, რომ კურიერები არ ასრულებენ სამუშაოს უშუალოდ კომპანიისთვის; არ მოქმედებენ უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტის ზედამხედველობის ქვეშ; არ აქვთ განსაზღვრული სამუშაო საათები და შეუძლიათ, უარი თქვან შეკვეთის შესრულებაზე.

ანალოგიური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული დიდი ბრიტანეთისა და უნგრეთის სასამართლოებს.

სულ რამდენიმე დღის წინ კი, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს შეთანხმება, რომელიც პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა შრომით უფლებებთან გათანაბრებას და სხვა გარანტიებს მოიცავდა.

ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმებული კომპრომისული წინადადება გულისხმობდა პლატფორმულ ეკონომიკაში ჩართული პირების თვითდასაქმებულის სტატუსის ცვლილებას მათი მხრიდან გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელთა შორისაა კონკურენტი აპლიკაციის გამოყენების აკრძალვა, სერვისის მიწოდების წესები, ქცევის ნორმები თუ სხვა.

კენჭისყრამ აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა შრომით უფლებებთან  იმ პირების გათანაბრება, რომლებიც შემოსავალს პლატფორმული ბიზნესის ისეთ წარმომადგენლებთან პარტნიორობით იღებენ, როგორებიცაა Uber, Deliveroo, Glovo, Wolt, Bolt და სხვები.

უფლებადამცველი ორგანიზაციების მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად შემუშავებული დირექტივა გულისხმობდა, რომ ევროკავშირის მასშტაბით პლატფორმულ ბიზნესში ჩართული 28 მილიონი ადამიანი არასწორად იყო კლასიფიცირებული თვითდასაქმებულად და აუცილებელი იყო, მათ ესარგებლათ ისეთი უფლებებით, როგორიცაა მინიმალური ხელფასი, კოლექტიური მოლაპარაკებები, სამუშაო დროის ლიმიტები, ჯანმრთელობის დაზღვევა, ავადმყოფობის შვებულება, საპენსიო შეღავათები და სხვა, ისევე, როგორც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები სარგებლობენ.

კენჭისყრაზე საკითხი ჩავარდა, ვინაიდან, ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა სახელმწიფომ, გერმანიამ, თავი შეიკავა, ხოლო ესტონეთმა, საბერძნეთმა და საფრანგეთმა ხმა წინააღმდეგ მისცეს.

თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებები საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან ევროკავშირის უმსხვილესი სახელმწიფოები არ ეთანხმებიან პლატფორმული ეკონომიკის იმავე რეგულაციებში მოქცევას, რაც მასში ჩართულ პირებს ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა შრომით უფლებებთან გაათანაბრებს.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებებს, შესაძლოა, ეწოდოს საეტაპო, ვინაიდან დიდია მათი მნიშვნელობა პლატფორმული ბიზნესის და ზოგადად, ე.წ გიგ ეკონომიკის განვითარებაში, რაც სულ უფრო ხშირად უწოდებენ მომავლის ეკონომიკას.

„დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, ფინეთის სასამართლოების გადაწყვეტილება და ევროკავშირის სახელმწიფოების მკვეთრი წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ იმთავითვე მცდარია პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების გათანაბრება ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულ პირებთან, როდესაც კურიერები თავისუფლების აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხით სარგებლობენ. ევროპაში პლატფორმული ბიზნესის რეგულირების ერთიანი ჩარჩო ჩავარდა, თუმცა ქვეყნები ადგენენ პროგრესულ სტანდარტს - პლატფორმული ინდუსტრიის პარტნიორი კურიერები თავისუფლების იმ ხარისხით ისარგებლებენ, რომელიც ამ სექტორის მიმზიდველობისა და მზარდი პოპულარობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ვფიქრობ, საქართველოშიც  მკაფიო უნდა გახდეს პარტნიორი კურიერების სტატუსი და ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ის ბუნდოვანება, რაც ხშირად იწვევს სპეკულაციებს, აზიანებს უპირველეს ყოვლისა ამ სექტორს და ამასთანავე იმ 20  ათასზე მეტ ადამიანს, რომლისთვისაც ის დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროა“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები