დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება რთულია - ირაკლი როსტომაშვილი

ლიფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება რთულია - ირაკლი როსტომაშვილი

2023-02-20 13:23:34

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა 18 ათასამდეა, რომელთა ექსპლუატაციის 25-წლიანი ვადა 30 წელზე მეტია, რაც ამოიწურა.

„ლიფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნამდვილად რთული ვითარებაა, რადგან საბჭოთა დროინდელი კორპუსები უკვე ამორტიზებულია და მათთან ერთად ლიფტები, რომელიც უსაფრთხოების წესების მაქსიმალურ დაცვას მოითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ ლიფტი მოსახლეობის საკუთრებაა, მობინადრეები ვალდებული არიან, თავად გასწიონ ხარჯი ლიფტის გამართვისთვის და ტექნიკურად შეამოწმონ.

ბინათმფლობელების ამხანაგობები ამისთვის არსებობს. ცალკე საკითხია ლიფტით სარგებლობის წესების უგულებელყოფა, რაც ასევე შეიძლება უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს. 4-კაციან ლიფტში 9 კაცი არ უნდა შევიდეს, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ბათუმში, როცა ვერ წავიდა ლიფტი და ავარიულად დაეშვა.

ნამდვილად დიდ რისკთანაა დაკავშირებული ლიფტით სარგებლობის საკითხი და ოპტიმალური გზაა, მისი მოვლა სავალდებულო გახდეს, როგორ ავტომობილების ტექინსპექტირება. ლიფტი მოსახლეობის საკუთრებაა და როგორც მანქანის მოვლა მფლობელის ვალდებულებაა, ასე უნდა იყოს ლიფტის შემთხვევაშიც“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი Business Insider Georgia-სთან.

ცნობისთვის, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ლიფტი/ლიფტები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია განსაზღვრული პერიოდულობით (3 წელიწადში ერთხელ) ჩაუტაროს ლიფტს ტექნიკური ინსპექტირება. თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ლიფტი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჭიროებს სარემონტო სამუშაოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია ისარგებლოს ქ თბილისის მერიის, კერძოდ რაიონების ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის რაიონულ გამგეობას (განცხადებას თან უნდა ერთოდეს აკრედიტებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა); გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას აკრედიტებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნის, ამხანაგობის პრიორიტეტებისა და არსებული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამის რაიონულ გამგეობას. მნიშვნელოვანია! ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა გამგეობაში სავალდებულოა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.

15 თებერვალს ბათუმში მრავალსართულიან კორპუსში ჩავარდა ლიფტი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ორიოდე დღის წინ ქუთაისში ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა და მეოთხე სართულზე გაიჭედა. ლიფტში ახალგაზრდა ქალი არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

23 წუთის წინ

38 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები