დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლურჯი მოცვის ბაღები განვაახლეთ, სავარაუდო მოსავალი 30 ტონა იქნება - MEMOBERRY

ლურჯი მოცვის ბაღები განვაახლეთ, სავარაუდო მოსავალი 30 ტონა იქნება - MEMOBERRY

2024-04-24 15:00:00

ლურჯი მოცვისა მწარმოებელი კომპანიის „მემობერის“/ MEMOBERRY მფლობელი ეკატერინე ჭყოიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მიმდინარე წელს მოცვის ახალი ჯიშის ნარგავებიდან პირველ მოსავალს ელოდებიან.

„მოცვის ბაღები განვაახლეთ და ძველი ჯიშები ახლით ჩავანაცვლეთ. ახლა ჩვენი კუთვნილი 15 ჰექტარი პლანტაციებიდან 10 ჰექტარი სრულადაა განახლებული“,- ამბობს კომპანიის მფლობელი.

ეკატერინე ჭყოიძის თქმით, 2024 წელი მოსავლის მიღების თვალსაზრისით საინტერესო იქნება.

„არის მოლოდინი, რომ მოცვის მოსავალს თბილი ზამთრისა და გაზაფხულზე მზიანი ამინდების გამო, აგროვადებით განსაზღვრულზე ადრე მიიღებენ.

„ლურჯი მოცვის მოსავალს წელს სავარაუდოდ 15 მაისიდან მივიღებთ. მანამდე მოსავლის აღება ივნისის დასაწყისში ხდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოცვის ბაღები განვაახლეთ, 30 ტონამდე ლურჯი მოცვის ხარისხიან მოსავალს ველოდებით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ მაღალი ხარისხზე, რათა შემსყიდველებთან ამ საკითხზე პრობლემა არ წარმოიშვას“, - ამბობს ეკატერინე ჭყოიძე.

რაც შეეხება გასაღების ბაზარს, როგორც „მემობერის“/ MEMOBERRY მფლობელი ამბობს, რომ 2023 წლის სეზონზე რუსეთის ბაზარზე არსებული დაბალი ფასების გამო, ლურჯი მოცვის სატესტო პარტიები ევროპაში გაიტანეს.

„სატესტო პარტიები გავიტანეთ პოლონეთსა და გერმანიაში, თუმცა საქართველოში ლურჯი მოცვის მწარმოებლებს სჭირდებათ გამოცდილება, რათა მიღებული მოსავლის ხარისხის შენარჩუნება ისწავლონ. რადგან, პარტნიორებს საკმაოდ ბევრი პრეტენზია ჰქონდათ მოცვის ხარისხთან დაკავშირებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ 2023 წელს ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა“, - ამბობს ეკატერინე ჭყოიძე.

რაც შეეხება 2024 წლის მოლოდინებს, „მემობერი“ მოსავალს გასაყიდად ადგილობრივ ბაზარზე გამოიტანს, თუმცა რუსეთსა და ევროპაში ექსპორტირებასაც შეცდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ეს რუსეთის ბაზარზე არსებულ ფასზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, ეკატერინე ჭყოიძე ამბობს, რომ ლურჯ მოცვზე მოთხოვნა ევროპისა და გალფის ქვეყნებიდანაც მზარდია. 

„ექსპორტი დამოკიდებული იქნება ფასებზე და მანძილზე, რადგან ლურჯი მოცვი მალფუჭებადია. ასევე დამოკიდებული იქნება მოთხოვნაზე, რაც განსხვავებული ბაზრებიდან მოდის. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ლურჯ მოცვზე მოთხოვნაა საფრანგეთიდან, სომხეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, გალფის ქვეყნებიდან. ამ დროისთვის მოლაპარაკებებს ყველა პოტენციურ პარტნიორთან ვაწარმოებთ“, - ამბობს „მემობერის“ დამფუძნებელი.

საოჯახო კომპანია 2017 წელს შეიქმნა და სამეგრელოში ლურჯი მოცვის პლანტაციებს ფლობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები