დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა „ანაპეა“კახეთში ეკო სოფელს გახსნის

მეღვინეობა „ანაპეა“კახეთში ეკო სოფელს გახსნის

2024-01-15 10:00:00

ორგანული ღვინის ბრენდი „ანაპეა“, რომელიც ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული რამდენიმე თვეში კახეთში ეკო სოფელს გახსნის და პირველ სტუმრებსაც მიიღებს. 

„ეკო სოფელი გააერთიანებს სოფლის ტიპის სასტუმრო ინფრასტრუქტურას. სოფელი მოიცავს 8 კახურ ტრადიციულ სახლს, სადაც სტუმრები თავს იგრძნობენ მე-19 საუკუნის კახეთში. სასტუმრო ამ ეტაპზე 30 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს, თუმცა მოთხოვნის ზრდის ფონზე განვიხილავთ გაფართოებასაც.

სტუმრების მიღებას ივნისიდან დავიწყებთ, თუმცა მანამდე სატესტო რეჟიმშიც მოვემსახურებით ვიზიტორებს. 

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ღვინის მუზეუმი, რომელიც ასევე ანაპეას სოფლის ტერიტორიაზე იქნება. მუზეუმში სტუმრები შეძლებენ მეღვინეობის და ვაზის მიგრაციის სრული სურათის დანახვას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ვენახში სწორედ დაინტერესებული ადამიანებისთვის და ჩვენი ვაზის ისტორიის მრავალფერობნების სადემონსტრაციოდ გვქვს 40-მდე კახური ჯიში, ესეც თავისთავად მუზეუმის ნაწილია. 

სოფელი მთლიანობაში სასტუმროს გარდა მოიცავს აუზს, რესტორანს, შუა ვენახში საკონცერტო სივრცეს, გვაქვს ასევე სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი საბავშვო სახლი, ასევე გვაქვს საკონფერენციო სივრცე.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მთლიანობაში ეკო სოფელი 1 ჰა-ზეა გაშენებული. Anapea Village ჩვენი ბრენდია და ეკო სოფელიც ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებდა“, - აღნიშნავს „ანაპეას“ დამფუძნებელი.


ხატია დარგუაშვილის თქმით, პროექტი ჩამოყალიბდება ერთიან ეკოსისტემად.

„ანაპეას“ განვითარების გეგმა გვაქვს საგარეჯოში და სამცხე ჯავახეთში, კერძოდ, ასპინძაში, სადაც გვაქვს პატარა 1 ჰექრტრამდე ვენახი, საოცარი მესხური ჯიშებით. „ანაპეას“ ყვარლის დესტინაციის შემდეგ ვგეგმავთ ასპინძა/ვარძიის მიმართულების გახსნასასაც. 

„ჩვენთან ჩამოსული სტუმარი იცხოვრებს ნამდვილ სოფელში და თავადაც მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საქმიანობებში. გვექმნება სახელოსნო, სადაც ნამდვილი ხელოსანი ხეზე იმუშავებს. გვექნება ასევე რკინის და ქვის საამქრო, რომლისთვისაც დანადგარი იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან შევიძინეთ. ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ეთნოგრაფიულ სივრცეში წარმოიდგინოთ თავი“, - ამბობს „ანაპეას“ დამფუძნებელი.

„ანაპეა“ გათვლას ძირითადად ევროპიდან, აშშ-დან და კანადიდან ჩამოსულ სტუმრებზე აკეთებს, თუმცა ხატია დარგუაშვილს მიაჩნია, რომ პროექტი ადგილობრივებისთვისაც საინტერესო იქნება. 


„გეტყვით, რომ  რუსული ბაზრისთვის სასტუმრო დაკეტილი გვექნება და მათ ჩვენთან დასვენების შესაძლებლობა არ ექნებათ. ვფიქრობთ, რომ ინტერესი იქნება ადგილობრივებისგანაც, რადგანაც დაგეგმარებისას აქცენტი მაქსიმალურად გავაკეთეთ ბავშვების დასვენებაზე და მათ დიდი სივრცე და დრო დაეთმობათ.

შესაბამისად, ქართული ოჯახებისთვისაც საინტერესო დასვენების მიმართულება ვიქნებით“, - აცხადებს ხატია დარგუაშვილი.

ბრენდი „ანაპეა“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი 19 საუკუნის კახეთის სოფლის კულტურის აღდგენა იყო. „ანაპეას“ მარანი კახეთში, ყვარლის რაიონში მდებარეობს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები