დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნით პარლამენტში პროფკავშირების ინიციატივა შევიდა

მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნით პარლამენტში პროფკავშირების ინიციატივა შევიდა

2023-10-06 16:43:42

საქართველოს პარლამენტში პროფკავშირების გაერთიანებამ ინიციატივა შეიტანა, რომელიც ღირსეული შრომის ანაზღაურებას ეხება. მანამდე ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა შრომის ანაზღაურების კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა.

საპროტესტო აქციაში პროფკავშირების გაერთიანებაში შემავალი ყველა სტრუქტურული ერთეული მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული ვითარება კიდევ ერთხელ დაგმეს და აღნიშნეს, რომ ისინი სოლიდარული არიან ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იძულებულია მინიმალურ ხელფასს დასჯერდეს.

როგორც პროფკავშირული გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ორგანიზაციის მოთხოვნაა, მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 636 ლარით, რაც საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობაა.

,,გაერთიანებული პროფკავშირის, პირადად ჩემი მესამე მცდელობაა იმისა, რომ მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარი დაწესდეს. 1999 წლის შემდეგ, როცა დაწესდა 20 ლარი, რეალურად არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, მინიმალური ხელფასი ვერ ასახავს იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ.

რეალურად ჩვენი  ინიციატივა ეხება 192 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არის იმ შემოსავლებიდან და მინიმალური ხელფასიდან გამომდინარე, რომელიც დღეს საქართველოშია. 636  ლარი არის საშუალო ხელფასის 40%, რაც მსოფლიო ბანკის კვლევიდან გამომდინარეობს. 192 ათასი ადამიანიდან სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმის  ტოლფასი ხელფასი აქვს 49 ათ ას ადამიანს ანუ  სახელმწიფო ამბობს, რომ 252 ათასი ლარია საჭირო, რათა  თვიდან თვემდე  ადამიანმა გაძლოს და 49 ათას ადამიანზე მეტს აქვს ამ ციფრზე ნაკლები ხელფასი და შემოსავალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სამუშაო ძალის გადინება.

ყველა, ვინც დღეს ჩვენს გვერდით დგას, არავის არ აქვს მინიმალურ  ხელფასზე ნაკლები შრომის ანაზღაურება, მაგრამ სოლიდარობით არის გამსჭვალული  იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 125,000 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასს- 131 841 დასაქმებული იღებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები