დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მითანა“ ძეხვეულის ბაზრიდან გადის, რით ანაცვლებს კომპანია წარმოებას

„მითანა“ ძეხვეულის ბაზრიდან გადის, რით ანაცვლებს კომპანია წარმოებას

2023-07-26 13:00:57

ძეხვეულის წარმოების შეჩერების შემდეგ „მითანა“ მთავარ აქცენტს ნახევარფაბრიკატების წარმოებაზე გააკეთებს. როგორც კომპანიის დირექტორი კახა ყრუაშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, ძეხვეულის მიმართულებამ ვერ გაამართლა, რადგან რეალიზაცია გაუჭირდათ და წარმოება თანდათან ზარალიანი ხდებოდა.

გაყიდვების კლების მიზეზად ყრუაშვილი სამომხმარებლო ქცევას მიიჩნევს და ამბობს, რომ ბაზარზე ძირითადად იაფი პროდუქტი იყიდება, ხოლო ხარისხიანზე, ფასიდან გამომდინარე, მოთხოვნა ნაკლებადაა.

მისი თქმით, 13-15 წლის წინ ,,მითანა“ 10-15 ტონა ძეხვეულს აწარმოებდა, თუმცა წლიდან წლამდე მცირდებოდა მოთხოვნა და ბოლოს წარმოება 5-8 ტონამდე შემცირდა. 

,,ძეხვის წარმოება შევაჩერეთ, რადგან გაყიდვა გაგვიჭირდა. ჩვენი პროდუქტი იაფიანი ძეხვეულისგან განსხვავებით, ძვირი ღირდა, რასაც ქართველი მომხმარებელი მიჩვეული არ არის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილება სამომხმარებლო ქცევამ განაპირობა, ვიდრე ფინანსურმა მიდგომამ, ჩვენ ფინანსურად არ გვიჭირს, მაგრამ გაყიდვის კლების გამო წარმოება ზარალიანი ხდებოდა, ამიტომ გაჩერება ვარჩიეთ. ძეხვეულს იმპორტირებული ევროპული ხორცისგან ვაწარმოებდით და შესაბამისად თვითღირებულებაც მეტი იყო, ძვირი ნაწარმი კი ბაზარზე კარგად ვერ იყიდება, მცირე სეგმენტი მოიხმარს. სამომავლოდ ნახევარფაბრიკატების მიმართულებას გავაძლიერებთ, რაც უფრო მოთხოვნადია ბაზარზე. არაფერი იცვლება, პირიქით, ხარისხის გაუმჯობესებას ვაპირებთ“, - აცხადებს კახა ყრუაშვილი.

ცნობისთვის, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“ ბაზარზე 2008 წლიდანაა. კომპანიამ ნახევარფაბრიკატების წარმოება 2016 წლიდან დაიწყო. ძეხვის წარმოება კომპანიაში 8 ივლისს, გაურკვეველი ვადით შეაჩერეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები