დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქრო და ბრინჯაო - „ღვინის ქურდების“ მორიგი წარმატება საერთაშორისო ბაზარზე

ოქრო და ბრინჯაო - „ღვინის ქურდების“ მორიგი წარმატება საერთაშორისო ბაზარზე

2023-06-11 23:59:57

„ღვინის ქურდებმა“ DECANTER 2023-ზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. უფრო კონკრეტულად, „ღვინის ქურდების“ 2021 წლის საფერავმა ოქროს მედალი (95 ქულა) აიღო, ხოლო 2021 წლის ქისი  ბრინჯაოს მედლით (89 ქულა) დაჯილდოვდა.

როგორც Business Insider Georgia-თან „ღვინის ქურდების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ზაზა ასათიანმა განაცხადა, ეს ჯილდოები კომპანიისთვის ახალ ბაზრებზე შესვლისთვის - ახალი გასაღებია“. 

„DECANTER-ი მსოფლიოში ნომერ პირველი ღვინის კონკურსია. ამაზე დიდი კონკურსი არ არსებობს. არის რამდენიმე სხვა პრესტიჟული კონკურსები, მაგალითად IWSC, რომელშიც გასულ წელს მივიღეთ მონაწილეობა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ავიღეთ. მაგრამ DECANTER-ზე გამარჯვება თვისობრივად ახალ ეტაპს ნიშნავს ჩვენი კომპანიისთვის. ოქროს მედალი ძალიან მნიშვნელოვანია - ეს ახალი გასაღებია, ახალ ბაზრებზე“, - ამბობს ასათიანი.

„ღვინის ქურდები“ სამომავლოდ წარმოების ზრდასაც გეგმავს. 2022 წელს კომპანიამ 50 ათას ბოთლამდე ღვინოა აწარმოა. აღსანიშნავია, რომ „ღვინის ქურდების“ ღვინოების 90%-ი ექსპორტზე გადის, ხოლო მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ნორვეგია და საფრანგეთია. 

„ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2016 წელს შეიქმნა. თავდაპირველად ეს იყო სამი მეგობრის ჰობი. ჩვენი პირველი წარმოება რამდენიმე ასეული ბოთლი იყო. შემდეგ ამ საქმემ სამივე ნელ-ნელა ჩაგვითრია, რადგანაც ყველა სხვადასხვა მიმართულებით ვსაქმიანობდით. დღეს კი ჩვენი ძირითადი საქმიანობა ღვინოა.

პირველად, როდესაც ბაზარზე გამოვჩნდით ეტიკეტზე გამოვიყენეთ შიშველი ქალი, რომელსაც ჭიქა ჰქონდა აფარებული, რასაც მაშინ დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ეს არის ცნობილი ბრიტანელი ილუსტრატორის ოუენ გენტის ნახატი, რომელსაც გამოყენების ნებართვა ვთხოვეთ. ოუენ გენტი დაგვთანხმდა და დღეს ჩვენი მეგობარი და ჩვენი ღვინის ეტიკეტების ილუსტრატორია. 

დღეისათვის კომპანია წლიურად დაახლოებით 50 ათას ბოთლ ღვინის აწარმოებს. წელს ვფიქრობთ წარმოების 30%-ით გაზრდას. მოთხოვნა ჩვენს ღვინოებზე იზრდება. სხვადასხვა ბაზრებზე აქტიურად შევდივართ. ახლაც პოლონეთში ვარ და პოლონურ კომპანიებთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ახლა ამ ბაზარზე შევდივართ. ნორვეგიისა და საფრანგეთის შემდეგ პოლონეთ იქნება ჩვენი მესამე, ძირითადი ბაზარი. 

ძალიან წარმატებულები ვართ ნორვეგიის ბაზარზე, სადაც გვყავს არაჩვეულებრივი პარტნიორი და მათთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით,  2022 წელს გავხდით ყველაზე გაყიდვადი ქართული ღვინო ნორვეგიის ბაზარზე. ეს ძალიან კარგი შედეგია. საუბარია რამდენიმე ათეული ათასი ბოთლის გაყიდვებზე. 

გეტყვით, რომ ნორვეგიის ბაზარზე შესვლის მომენტში ქართული ღვინის ცნობადობა არ იყო და ახლა ერთობლივად ვიზრდებით და გვაქვს ძალიან დიდი გეგმები“, - განაცხადა ზაზა ასათიანმა.

როგორც ღვინის კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელწოდება „ღვინის ქურდები“ ქართველი კლასიკოსი მწერლის შიო არაგვისპირელის ნაწარმოებიდან და ამავე სახელწოდების ფილმიდან იღებს სათავეს. მისი სიუჟეტის მიხედვით რამდენიმე ყალთაბანდი მწყემსი, მეღვინე ელიბოს მარანში შეიპარება და იქვე გამართავენ ქეიფს. ხმაურზე ელიბოს გაეღვიძება, თუმცა ნასვამი ღვინის ქურდების სიმღერა იმდენად მოეწონება რომ ისიც ქეიფს შეუერთდება.

კომპანიის შექმნის იდეა რამდენიმე ღვინის მოყვარულ მეგობარს გაუჩნდა. დღეისთვის ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მეტწილად კახეთში დაყენებული უმაღლესი ხარისხის ღვინოები.

ღვინის ქურდების ფილსოფიაა, წარმოაჩინოს მცირე საოჯახო ნატურალური მეღვინეობების საუკეთესო მხარე და მოახდინოს ტრადიციული, ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოს ყველაზე მაღალკონკურენტულ ბაზრებზე. სწორედ ამიტომ, ღვინის ქურდებმა დაარსების დღიდანვე უარი თქვა რუსეთის ბაზარზე. ჩვენი ღვინო წარმატებით იყიდება როგორც თბილისის საუკეთესო ღვინის მაღაზიებში, ასევე საფრანგეთსა და ნორვეგიაში. უახლოეს მომავალში კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის მიმართულებით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები