დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ორი მიზეზი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აფერხებს - ასოციაცია

ორი მიზეზი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აფერხებს - ასოციაცია

2023-06-07 14:00:11

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს ვერ აჭარბებს, როცა რაოდენობრივად 98%-ს შეადგენენ.

ამის მიზეზი სხვადასხვაა, პირველ რიგში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და განათლების დეფიციტი. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ განაცხადა.

„სექტორი რომ სწორად ვითარდებოდეს, მთლიან ბრუნვაში მცირე და საშუალო საწარმოების წილი 80%-ს უნდა შეადგენდეს. ასეა ყველა განვითარებულ ქვეყანაში. იმისთვის, რომ ამ დონეს მივაღწიოთ, მეწარმეობის სფერო სწორად უნდა ვითარდებოდეს და დარგს ხელშეწყობა ჰქონდეს. ~

როდესაც დამაბრკოლებელ გარემოებებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვართ ნამდვილი კაპიტალისტური ქვეყანა, 50 წლის ტრადიცია უნდა გვქონდეს, მინიმუმ ბიზნესმენების 2-3 თაობა მაინც, რომ კაპიტალიზმი ყველა თავისი დამახასიათებელი ნიშნით არსებობდეს ქვეყანაში", - ამბობს ჭელიძე და დასძენს, რომ გარკვეული დრო სჭირდება, ბიზნესის მიღწევები მეწარმეობაშიც ჩანდეს.

„მცირე და საშუალო ბიზნესი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით, უნდა განვითარდეს. სფეროში განათლების დეფიციტია, კარგად ვერ ხდება პროცესის მენეჯმენტი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება. შედეგი რომ ვიგრძნოთ, წარმოება უნდა განვითარდეს, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ 10% უჭირავს, როცა ვაჭრობის წილი 37%-ზე მაღალია", - დასძენს მიხეილ ჭელიძე.

კერძოდ, როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.3 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 4.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები