დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დაეკისრა ჯარიმა „რონიკოს“ „ართთაიმის“ შეძენისთვის

რატომ დაეკისრა ჯარიმა „რონიკოს“ „ართთაიმის“ შეძენისთვის

2023-05-19 15:00:58

მზის სათვალეების, ოპტიკური ჩარჩოების, კონტაქტური ნომრიანი/ფერადი ლინზების მაღაზიათა ქსელმა „რონიკომ“  შვეიცარიული წარმოების საათებისა და საიუველირო ნაკეთობათა მაღაზიის ქსელი „ართთაიმი“ იყიდა. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოდან გახდა ცნობილი, რომელმაც აღნიშნული კომპანიების კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგისას დადგინდა, რომ სააგენტოსთვის შეუტყობინებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე ეკონომიკურმა აგენტებმა კონცენტრაციები განახორციელეს.

შედეგად, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იყო საჯარიმო სანქციები და კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შემოტანა დაევალათ. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, შპს „რონიკოს“ მიერ განხორციელდა შპს „ართთაიმის“ 100%-იანი წილის შეძენა.

ბიზნეს გეგმების და სამომავლოდ „ართთაიმის“ ბრენდის განვითარების კონცეფციაზე დეტალების გასაგებას  „ბიზნეს ინსაიდერი“ კომპანია „რონიკოს“ დაუკავშირდა, საიდანაც შესაბამისი კომენტარის მოლოდინშია. 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „რონიკოს“ 100%-იანი წილის მფლობელია ფ/პ როლანდ ჯავახია, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ ეკონომიკურ აგენტებს წარმოადგენენ:

 შპს „ჯემინი“, 100%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია;

ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგა“, ერთ-ერთი დამფუძნებელი როლანდ ჯავახია;

 შპს „ფუდ მასტერი“, 15%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია;

შპს „საქლუდი“, 15%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია;

შპს „ფირო-რუსთაველი“, 75%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია;

შპს „ბიარ მასტერი“, 13%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი როლანდ ჯავახია;

შპს „გრაალი“, 50%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები