დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არ არსებობს ბახმაროს პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი  - „ორბი ჯგუფის“ განმარტება

რატომ არ არსებობს ბახმაროს პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - „ორბი ჯგუფის“ განმარტება

2024-02-27 20:00:00

ბახმაროს პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ არსებობს იმიტომ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო არეალი 10 ჰა-ს სცდება. აღნიშნული საპროექტო არეალი 4 ჰა-ია, შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების სავალდებულო არ არის“, - განმარტა ირაკლი კვერღელიძემ. 

მისივე თქმით,  ყველაფერს აქვს თავისი საკანონმდებლო ნორმატივი და  ამ  შემთხვევაში არცერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დადგენილია მშენებლობის წარმოების პირობებში, არ დარღვეულა.

„კომპანიას მთლიანად ბახმაროში საკუთრებაში აქვს 10 ჰა მიწის ნაკვეთი. ამ ეტაპზე მოხდა შეთანხმება 4 ჰა-ზე. არცერთი კომპანია არ წავა იმაზე, რომ მშენებლობის ნებართვის აღება კანონდარღვევით განახორციელოს, ან გენგეგმის პარამეტრს გადაუხვიოს. 2 წელზე მეტია ამაზე ვმუშაობთ. რაში უნდა დამჭირვებოდა, რომ რომელიმე კვლევა არ ჩამეტარებინა? ყველა პროცედურა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია“ - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა. 

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს.მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი დაეთმობა რეკრეაციულ და დასასვენებელ სივრცეებს. სასტუმრო კომპლექსი გააერთიანებს 350 აპარტამენტს და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. კომპლექსში განთავსდება სპორტულ მოედნები, რესტორნები, კაფეები, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.

კომპლექსის დასრულების ვადა 2025 წლის დეკემბერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 2019 წლის 15 მაისს გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია.

განკარგულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში „ორბი ჯგუფს“ ამ მიწის ნაკვეთებზე, ან მათ ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ევალება, რაც მოიცავს არანაკლებ 120-ნომრიან სასტუმროებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადაში „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.

2023  წლის მარტში კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის 27 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100 % წილის მესაკუთრე ზვიად ზოიძეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები