დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგადასახადო შეღავათების შედეგად, აგროტურიზმში მეტი მოტივირებული მეწარმე გაჩნდება - ნინო ზამბახიძე

საგადასახადო შეღავათების შედეგად, აგროტურიზმში მეტი მოტივირებული მეწარმე გაჩნდება - ნინო ზამბახიძე

2023-06-25 00:02:14

საგადასახადო შეღავათები აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირებს შესაძლებლობას მისცემს, რომ უფრო თვალნათლივ წარმოჩინდნენ და მოტივაცია ჰქონდეთ იმისთვის, რომ დარეგისტრირდნენ და შეღავათებით ისარგებლონ, -ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ Business Insider Georgia-თან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

საკანონმდებლო ორგანოში მალე საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყება, რომლის მიხედვითაც დადგინდება ის საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში ჩართულ პირებთან მიმართებით.

„ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მცირე და საშუალო აგროტურისტული ობიექტებისთვის, რომლებიც  უფრო ჩრდილოვან ეკონომიკას წარმოადგენდნენ. ანუ ისედაც არ იხდიდნენ გადასახადს და არ ჩანდნენ მშპ-ში. ამიტომ ეს შეღავათი მათ პირველ რიგში მისცემს შესაძლებლობას, რომ უფრო თვალნათლივ წარმოჩინდნენ. მოტივაცია ჰქონდეთ იმისთვის, რომ დარეგისტრირდნენ და ისარგებლონ შეღავათებით. ასევე მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება იმიტომ, რომ პირველ რიგში, მათი ცნობიერება უნდა ამაღლდეს.

აგროტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის ასე თუ ისე მაინც ახალი მიმართულებაა. ღვინის ტურიზმი უფრო განვითარებულია, მაგრამ აგროტურიზმთან მიმართებით ცნობიერებაა ასამაღლებელი.

დეფინიცია არის ძალიან მკვეთრად გამოსახატი, ვინ აკმაყოფილებს აგროტურიზმის ობიექტის სტატუსს. ასევე მნიშვნელოვანია დახმარება იმ სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვაში, რომელიც რეალურად აგრო-ტურისტულ ობიექტებს მთელ მსოფლიოში გააჩნიათ. ამიტომ კარგია კანონპროექტი, კარგია საგადასახადო შეღავათები, უფრო მეტი მოტივირებული მეწარმე სუბიექტი შეიქმნება მცირე და საშუალო ბიზნესში.

აგროტურიზმის დეფინიციაზე, თუ ვის მოიცავს და ვინ თავისუფლდება ამ გადასახადებიდან ამაზე სახელმწიფომ, არასამთავრობო და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა იმუშაონ“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

აღნიშნული ცვლილების ამოქმედების შემდეგ, რა თანხა დარჩება ბიზნესს, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ ეს უფრო ეკონომისტების თემაა.

„თუ რა თანხა დარჩება ბიზნეს ამის თქმა ძალიან გამიჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ აღრიცხული არ არის და მეწარმის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გეტყვის თუ არა შემოსავალს და ტურისტის რაოდენობას. საიდანღაც ხომ უნდა დავითვალოთ რა შეღავათს ნახავს? მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. ალბათ ეს უფრო ეკონომისტების თემაა, რადგანაც ასე დეკლარირებულად არ ვიცი ვის რა შემოსავალი აქვს“, - განმარტავს ზამბახიძე.

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს.

კანონის პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში. ცვლილება ასევე შედის 99-ე მუხლში, რომლის თანახმად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება, აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გათვალისწინებულია მთავრობის ვალდებულება 2024 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს

„აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპები, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მინიჭების/გაუქმება წესი და პროცედურები“, მიზანშეწონილია კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1-ელი ივლისი.

კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის საკითხს. უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს, სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსების მქონე ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობების ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან. აღსანიშნავია, რომ დღეს ყველაზე გავრცელებული აგროტურისტული ობიექტები არიან ღვინის მარნები (ამ სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით აგროტურიზმის დაახლოებით 85-90%), რომლებიც ტურისტებს სთავაზობენ სერვისებს (ღვინის და კერძების დეგუსტაცია, მასტერკლასები, რთველში მონაწილეობა და სხვ.). ამასთან, აგროტურიზმის კომპანიებს, რომელთა იდენტიფიცირება დღეისათვის არის შესაძლებელი წარმოადგენენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები (მარნები), რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ პროექტ „ღვინის გზაში“. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არსებული 352 „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილე მარნიდან დაიდენტიფიცირდა 213, აქედან 500 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი/ბრუნვა დაუფიქსირდა 150 ბიზნეს სუბიექტს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები