დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზოგადოებას უნდა მივცეთ საშუალება წვდომა ჰქონდეს ამ ტერიტორიასთან - დავით იოსებაშვილი ბალდის კანიონზე

საზოგადოებას უნდა მივცეთ საშუალება წვდომა ჰქონდეს ამ ტერიტორიასთან - დავით იოსებაშვილი ბალდის კანიონზე

2024-01-26 19:00:00

ბალდის კანიონი, ესაა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სილამაზე საზოგადოებისთვის, რომელიც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთეული ადამიანისთვისაა ცნობილი, ძირითადად ადგილობრივისთვის, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-სთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უნდა მოხდეს იმ მინიმალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სრულ ჰარმონიაშია ეკოტურიზმის განვითარებასთან და ასევე, საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ჰქონდეს ამ ტერიტორიასთან

„დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და, მიმდინარე წელს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს ვიზიტორებს.

ასეთი მაგალითია ბალდის კანიონი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტია.

ბალდის კანიონი, ესაა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სილამაზე საზოგადოებისთვის, რომელიც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთეული ადამიანისთვისაა ცნობილი, ძირითადად ადგილობრივისთვის.

ბალდის კანიონის შემთხვევაში, ვფიქრობთ, მოხდეს იმ მინიმალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სრულ ჰარმონიაშია ეკოტურიზმის განვითარებასთან, ასევე, საზოგადოებას მივცეთ საშუალება წვდომა ჰქონდეს ამ ტერიტორიასთან: მოვაწყოთ საინტერესო ატრაქცია, რომელიც, ერთი მხრივ, მოგზაურობის, მეორე მხრივ, კი ახალი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობას მისცემთ, რაც სწორედ საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.

ბალდის კანიონზე შეიქმნება პირველი როლერი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და უკვე საზოგადოების უფრო ფართო მასებს მიეცემა საშუალება ბუნებით დატკბნენ, შეიქმნება ბილიკები.

ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ საიტის შესახებ და პოპულარიზაცია, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას მივცეთ ახალი შესაძლებლობები განავითარონ ეს ტერიტორიები, სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებითა და გაწევით. ჩვენ მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ ტრენინგების კუთხით, მცირე გრანტების მოზიდვის შესაძლებლობებზე რათა მცირე ბიზნესის განვითარება დაიწყონ და ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მარტვილის კანიონზე, მტირალას ეროვნულ პარკში და სხვა დაცულ ტერიტორიებზეა, მოხდეს ბალდის კანიონზეც.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წელი, ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო აქტიური იქნება. საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს დაუვიწყარი და მრავალფეროვანი სერვისებით უმასპინძლებს“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

დავით იოსებაშვილის თქმით, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ მიმართულებით სააგენტოს 2023 წელსაც მნიშვნელოვანი სიახლეები ჰქონდა.

2023 წელს, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერზე მოეწყო 3D განათების სისტემები, რამაც ვიზიტორებს ღამის საათებში მოგზაურობის საშუალება მისცა და კიდევ უფრო პოპულარული გახადა აღნიშნული დაცული ტერიტორიები.

განახლდა და განვითარდა სხვადასხვა ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები: აშენდა 32 ახალი ეკოტურისტული კოტეჯი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფლიას და პროემთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას, შეიცვალა გარე განათების სისტემები, სათაფლიაში მოეწყო დინოზავრების ახალი პარკი, განახლდა პანორამული გადასახედი და მუზეუმი, დასრულების ეტაპზეა უპრეცედენტო, 1 200 კმ-მდე სიგრძის, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები 15 დაცულ ტერიტორიაზე, საიდანაც 750 კმ-ზე მეტი სიგრძის ბილიკები უკვე დასრულებულია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა- ომალოს დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც მოიცავს: 220 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის, 64 საფეხმავლო ხიდისა და 7 სამთო თავშესაფრის (მთის ქოხები) მოწყობას“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები