დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შრომის ბაზარს ყოველწლიურად 100-მდე პროფესიონალ კულინარს ვაწვდით - ,,არს გუსტო“

შრომის ბაზარს ყოველწლიურად 100-მდე პროფესიონალ კულინარს ვაწვდით - ,,არს გუსტო“

2023-04-22 19:00:11

„საქართველოს უნივერსიტეტის“ კულინარიის აკადემია „არს გუსტოში“ სწავლის მსურველთა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.

აკადემია, ტურიზმის სექტორის აღმავალ ტრენდს მიჰყვება და შრომის ბაზარს კვალიფიციურ კადრს აწვდის, თუმცა მოთხოვნა გაცილებით მეტია, რაც მთლიანად ტურისტული ინდუსტრიისთვის სერიოზული გამოწვევაა.

როგორც ,,საქართველოს უნივერსიტეტის“ - კულინარიის აკადემიის ,,არს გუსტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ნადაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა აქვთ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ უცხოელებს, რომლებიც კულინარიის ხელოვნებით არიან დაინტერესებულები. ასევე ამის შესაძლებლობა აქვთ მოყვარულ და გასტრონომიის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებსაც.

„საქართველოს უნივერსიტეტის „კულინარიის აკადემიაში“ ვასწავლით კულინარიას როგორც სამზარეულოს, ასევე პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტროს მიმართულებით. პურ-ფუნთუშეულის ხაზი საფუძვლიანად მხოლოდ ჩვენთან ისწავლება. რაც მნიშვნელოვანია, ასევეა ვეგეტარიანული და ვეგანური სამზარეულოს შემთხვევაშიც.

მსურველების 14 წლიდან ვიღებთ. ყველაზე უფროსი სტუდენტი 63 წლის ქალბატონია, ყველაზე პატარა 16 წლისაა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, კულინარიის პროფესიულ თუ სამოყვარულო დონეზე დაუფლების შესაძლებლობა უკლებლივ ყველას აქვს, მთავარი სურვილია. სტუდენტები ძირითადად მოდიან პროფესიის შესასწავლად. მოყვარულებს უფრო სურთ წარმატებული ბლოგერები გახდნენ და ამ მიზნით მოგვმართავენ. უფრო მაინც სრულფასოვნად სურთ ცოდნის დაუფლება“, - ამბობს ეკატერინე ნადაშვილი.

კულინარიის აკადემიის საქმიანობის ძირითადი მიზანია, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი აკადემიურ ხარისხში აყვანა. აქ იყრის თავს მსოფლიო გემოების ხელოვნება, რომელსაც ცნობილი შეფ-მზარეულები ასწავლიან.

რაც შეეხება შრომის ბაზარზე ვითარებას, როგორ ,,არს გუსტოს“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარზე კულინარების სიმცირეა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები სისტემატურად ითხოვენ კადრებს.

ამ ეტაპზე „არს გუსტო“ შრომის ბაზარს ასი მაღალი დონის კულინარს აწვდის, თუმცა პოტენციალი გაცილებით მეტია.

„საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და კულინარია აქტუალურია. დასაქმების თვალსაზრისით, ყველაზე მეტი მოთხოვნა შრომის ბაზარზე სწორედ ამ კადრზეა. სისტემატურად გვიკავშირდებიან სფეროს წარმომადგენლები და პერმანენტულად ითხოვენ სპეციალისტებს, პროფესიონალი კადრების გადამზადება სჭირდებათ. მოდიან უკვე დასაქმებულებიც, რამდენიმე მზარეული გადის სწავლების კურსს, რომ პროფესიულად განვითარდეს“, - ამბობს ეკატერინე ნადაშვილი.

„არს გუსტო“ თანამშრომლობს ,,რედიუსონ ბლუ ივერიასა“ და ,,ჰილტონთან“, სადაც აკადემიის სტუდენტები სტაჟირებას და სასწავლო პრაქტიკას გადიან.

რაც შეეხება ლექტორებს, როგორც ნადაშვილი აღნიშნავს, სტუდენტებს ასწავლის ფრანგი შეფ-მზარეული, რომელიც მსოფლიოში წამყვანი რესტორნებსა და სასტუმროებში მრავალ წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია.

კულინარიის აკადემიაში ასწავლიან ქართველი პროფესიონალები, მათ შორის საკონდიტრო ხელოვნების დიპლომირებული ლექტორი, საქართველოში არსებულ საკონდიტრო ქსელებში და ლექტორობის მრავალწლიანი სამუშაოო გამოცდილებით, ქართული სამზარეულოს გემოების ხელოვნების დიპლომირებული ლექტორი, პურ-ფუნთუშეულის ხელოვნების ლექტორი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის გემოების კულინარიის ხელოვნების ლექტორი, ქართული კულინარიის ისტორიის და გასტრონომიული ტურიზმის ლექტორი და სხვა.

ცნობისთვის, „არს გუსტო“ ამიერკავკასიაში ერთადერთი კულინარიული ჰაბია, სადაც კულინარიის ხელოვნების შესწავლა შესაძლებელია: ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

ქართულენოვანი კურსის ღირებულებაა 2500 დოლარის ეკვივალენტია ლარში, ხოლო უცხოურენოვანი (ინგლისური, ფრანგული) კურსის ღირებულება ლარში 3000 დოლარის ეკვივალენტს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები