დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა აზიის ბაზრები საქართველოსთვის საინტერესო და მზარდია - „აჭარა ტური“ წელს აჯამებს

შუა აზიის ბაზრები საქართველოსთვის საინტერესო და მზარდია - „აჭარა ტური“ წელს აჯამებს

2024-01-05 18:00:00

2023 წელი იყო საკმაოდ სპეციფიკური როგორც საქართველოსთვის ისე ჩვენი კომპანიისთვის, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი.

ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ 2023 წელს მოხდა სხვადასხვა ბაზრების დივერსიფიცირებაც.

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ისრაელ-პალესტინის ომამდე, საკმაოდ გაიზარდა სტუმრების რაოდენობა ისრაელიდან. ფაქტობრივად შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა. ასევე 2023 წელს გაორმაგდა სტუმრების რაოდენობა ყაზახეთიდან.

2023 წელი იყო პირველი წელი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ უზბეკეთის ბაზარზე მუშაობა. უზბეკეთი საკმაოდ საინტერესო და მზარდი ბაზარია.

გავიხსენებ, როდესაც 10 წლის უკან პირველი ჩარტერული ფრენები დავიწყეთ ყაზახეთიდან, რა ნაბიჯებს ვდგამდით. ამის გათვალისწინებით იგივე წარმატებული ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ უზბეკეთის მიმართულებითაც. ზოგადად შუა აზიის ბაზრები საქართველოსთვის საინტერესო და მზარდია. 

2023 წელს აქტიურად დარჩა ტრადიციული ბაზრები, როგორიცაა ბელორუსი, ირანი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. 

2023 წელს კლება შეინიშნება არაბულ მარკეტზე, როგორც დედაქალაქში ისე აჭარაში. როდესაც მიმდინარე წლის მაჩვენებლებს ვადარებთ გასულ წელს, 2022 წელი იყო პირველი წელი, როდესაც კოვიდრეგულაციები მოიხსნა. ფაქტობრივად, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გახსნა საზღვრები.

წელს კონკურენცია გალფის ქვეყნების ტურისტებისთვის უფრო გაზრდილი და მაღალი იყო. მათთვის ევროპა უკვე იყო გახსნილი და ამ კონკურენციაში საქართველომ რაღაც დანაკლისიც მიიღო. მეტი რეკლამა და მეტი ლიბერალური დამოკიდებულება ჩამოსული ტურისტების მიმართ და ასევე შესაბამისი სერვისების ზრდა, რაც გალფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს სჭირდებათ, რადგანაც ისინი საკმაოდ პრეტენზიული და მომთხოვნები არიან. 

აჭარისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი იყო ალბათ ის, რომ ადგილობრივი ტურისტები ნაკლებად იყვნენ. ბევრმა კოვიდრეგულაციების სრულად მოახსნის შემდეგ შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭა საზღვარგარეთ დასვენებას. ამ ყველაფერზე ასევე ნეგატიურად იმოქმედა შავი ზღვის დაბინძურების ჭორ-მართალმა, რომელიც გამოწვეული იყო კახოვკის ჰესის აფეთქებით. სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ წელი ნორმალურად დასრულდა. 

ამ დროისთვის ისრაელიდან ტურისტული ნაკადები სრულად შეჩერებულია და ვიმედოვნებთ, რომ ეს დანაკლისი გაზაფხულიდან დასტაბილურება“, - აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.

„აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი 2023 წლის დადებით ტენდენციებზე საუბრისას ჩინელი ტურისტებისთვის საქართველოს ბაზრის გახსნას და ასევე ინდოეთიდან პირდაპირი ავიარეისების გახსნაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მისასალმებელია, რომ ჩინეთთან დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება და დღეს გაქვს უვიზო მიმოსვლა.

„ვფიქრობთ, რომ ეს შედეგს რამდენიმე თვეში გამოიღებს. როგორც ვიცით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად იქნება ჩართული ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩინეთი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი ბაზარია და იქიდან წამოსული 0.01%-იც ჩვენთვის ძალიან დიდ ციფრებთან იქნება დაკავშირებული. 

რაც შეეხება ინდოეთის ბაზარს, ჩვენ ინდოეთის ბაზარზე წლებია ვმუშაობთ და ყველაზე დიდ სირთულეს მათი საზღვრის კვეთა წარმოადგენს. ხშირად ინდოელ სტუმრებს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე აბრუნებდნენ უკან.

ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს თუ ჩვენ გვინდა ინდოეთთან ტურისტული მიმოსვლები გავაძლიეროთ. ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ სააგენტოებთან ერთად 2024 წლის თებერვლის ბოლოს მონაწილეობს ინდოეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაზე და ალბათ ეს პირველი მესიჯი შეიძლება იყოს, რომ უკვე მზაობა აქვს ადმინისტრაციას და საქართველოს მთავრობას, რომ ინდოელ ტურისტებთან მიმართებაში ვიყოთ უფრო ლიბერალურები და არ მოხდეს ასე ხშირად მათი უკან გაბრუნება. ინდოეთიც საინტერესო ბაზარია, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიაში საკმაოდ დიდ ცვლილებებს შემოიტანს“, - ამბობს „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი. 

ირაკლი თავართქილაძე ფიქრობს, რომ ჩინეთიდან და ინდოეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტები მაღალმხარჯველები იქნებიან. 

„თუ ჩინეთის და ინდოეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ საქართველოში მოგზაურობას, დამერწმუნეთ, რომ ისინი არ იქნებიან დაბალი ეკონომიკური შემოსავლების მქონე ადამიანები. იმიტომ, რომ ფრენის ღირებულება შორი დისტანციიდან იქნება საკმაოდ მაღალი. თუ ჩინეთიდან და ინდოეთიდან რაღაც პროცენტი მოგზაურობს. დამერწმუნეთ, რომ ისინი სულ მცირე  საშუალო ფენის წარმომადგენლები და გადახდისუნარიანები არიან. ისინი უპირატესობას 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებს ანიჭებენ და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანი ტურისტები იქნებიან ჩვენი ქვეყნისთვის“ - ამბობს თავართქილაძე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები