დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფელ მაღაროში დაწყებული მცირე ბიზნესი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა - „აბრეშუმხვიას“ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება

სოფელ მაღაროში დაწყებული მცირე ბიზნესი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა - „აბრეშუმხვიას“ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება

2023-09-29 14:00:48

„აბრეშუმხვიას“ მიერ წარმოებულ აბრეშუმის ჭიის ჭუპრის ზეთზე დიდი მოთხოვნაა. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას მცირე მეწარმე ლამარა ბეჟაშვილმა განაცხადა, შეკვეთები აქვს ტურისტებისგან, რომელიც „აბრეშუმხვიას“ აქტიურად სტუმრობენ და ასევე იღებს შეკვეთებს უცხოეთიდანაც.  

„ჭუპრის ზეთი გამოიყენება ყველაზე ძვირადღირებულ ფრანგულ ბრენდებსა და კოსმეტიკაში. ზოგადად „აბრეშუმხვიას“ ყველა პროდუქტი არის ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და ანტირადიაციული და მისი საშუალებით შესაძლებელია 18 დაავადების განკურნება. 

2019 წელს საერთაშორისო სამიტი ჩატარდა აჭარაში, სადაც მსოფლიოს ყველა მეაბრეშუმე იყო ჩამოსული. რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა მთხოვა, რომ ზეთის ჭუპრის ზეთის წარმოების ფორმულა გამენდო.  ჭუპრის ზეთსაც ჩვენი მეთოდით ვამზადებთ. ზეთის ჩამოსხმა 1,5 გრამიან კაფსულებში ხდება. 1 გრამი ჭუპრის ზეთით შესაძლებელია 300 გრამი შამპუნის ან ზეითუნის ზეთის გამდიდრება. ზეითუნის ზეთის გამდიდრების შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება ანთებითი პროცესების სამკურნალოდ“, - განაცხადა ლამარა ბეჟაშვილმა.

„აბრეშუმხვია“ აწარმოებს ასევე ჭუპრის წყალსაც, რომელიც კოსმეტიკაში ძირითადად საპნების წარმოებაში გამოიყენება. 

„ჭუპრის წყლის სასმელად გამოყენებაც შეიძლება თუმცა წარმოება მცირეა.  ამ მიმართულებით წარმოების გაფართოებას ვგეგმავ, მას შემდეგ რაც ჩემი დიდი სახელოსნო მექნება. ამ ეტაპზე, აბრეშუმის წარმოება სახლის ეზოში მაქვს. სადაც ტურისტებსაც ვიღებთ. შეკვეთები ტურებზე მზარდია. მსოფლიოს 5 ვარსკვლავის მფლობენ შეფმზარეულებსაც კი ვუმასპინძლე“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან ლამარა ბეჟაშვილმა.

სიღნაღის მთებს რომ მოიტოვებთ და სოფელ მაღაროს გზას გაუყვებით, აბრეშუმის სამყაროში აღმოჩნდებით და თავად გახდებით იმ პროცესის მონაწილე, რასაც აბრეშუმის მოვლა-წარმოება ეწოდება.  

სოფელ მაღაროში მცხოვრებმა ლამარა ბეჟაშვილმა ბებიისგან ნასწავლი ჭიის მოვლა-პატრონობა წლების შემდეგ ააღორძინა და წარმოებად აქცია. ნაჩუქარი 21 აბრეშუმის ჭია გაამრავლა და „აბრეშუმხვიას“ სახელოსნოც  გახსნა. დღეისთვის წელიწადში 100-დან 200 კილომდე ძაფსა და სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. 

აბრეშუმის ჭიისგან მიღებული პროდუქტი მრავალფეროვანია. აქ ნახავთ ჭუპრის ზეთს, ჭუპრის წყალს, ძაფს, თავშლებსა და ბავშვის ტანისამოსს. სტუმარს შესაძლებლობა აქვს, ყველა პროდუქტის დამზადების პროცესში თავად ჩაერთოს. 

აბრეშუმის ძაფს სხვადასხვა სახეობის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.  შესაბამისად, „აბრეშუმხვიაში“ თქვენი სტუმრობა შეგიძლიათ, ხანგრძლივი დროით დაგეგმოთ და შემეცნებითი ტურის შემდეგ ამ სივრცეში ღამითაც დარჩეთ. 

აბრეშუმის ჭიასთან ერთად, ეზოში მოსეირნე ციცრებს, ფარშევანგებს და სხვადასხვა სახეობის ფრინველებს ნახავთ, რომლებიც მასპინძლის დაძახილზე მწყობრად გადაადგილდებიან. ამ სივრცეში ეგზოტიკური შოკი გელოდებათ - ჭია, ფრინველი და ადამიანი  ერთმანეთისთვის გასაგებ  ენაზე საუბრობენ. 

„აბრეშუმხვიაში“ სტუმრობისას ძველი ქართული მონასტრული წესით აბრეშუმით დავარგებულ ღვინოს დეგუსტაციასაც   შემოგთავაზებენ  და გასტრო ტურშიც  ჩაერთვებით - აქ აცოცხლებენ მივიწყებულ რეცეპტებს და სტუმარს უძველეს ქართულ კერძებს სთავაზობენ.

ყველა პროდუქტი, რაც ამ სივრცეში მზადდება, შეგიძლიათ შეიძინოთ.   

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები