დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტარტაპებისთვის ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას წაახალისებს - თორნიკე სულაბერიძე

სტარტაპებისთვის ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას წაახალისებს - თორნიკე სულაბერიძე

2024-03-19 16:00:00

გვაქვს ბევრი იდეა და გვინდა, რომ სექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ არამხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე ოპერირებენ ბაზარზე, არამედ მოვიზიდოთ უფრო მეტი უცხოური კომპანია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  ICTA-ს თავმჯდომარემ და იმავდროულად  Lineate-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, GITA-ს მხრიდან მნიშვნელოვანი რეფორმები უკვე დაანონსებულია, თუმცა ის მხოლოდ ქართულ სტარტაპებს ეხება. 

„დღეს მნიშვნელოვანი რეფორმები დაანონსდა, მათ შორის არის ქართული სტარტაპებისთვის ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი, რაც თავის მხრივ წაახალისებს საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას.

ასევე მნიშვნელოვანია ის მიმართულებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები, რასაც დამატებითი წახალისების მექანიზმები მოჰყვება.

რაც შეეხება ჩვენს ტექნოლოგიურ კომპანიებს, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ერთ-ერთი მთავარია, რის გამოც  საქართველოში შემოვედით. როგორც იცით, ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია, რომელშიც ამ დროისათვის 15 წევრს აერთიანებს და ამ ასოციაციის ფარგლებში მთლიანობაში უკვე ვასაქმებთ 7000-მდე ადამიანს.

რა თქმა უნდა ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან, GITA-სთან ერთად ვმუშაობთ, რომ IT სექტორსაც შეეხოს ახალი ინიციატივები, განხორციელდეს ახალი რეფორმები. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომ გარდა სტარტაპებისა, ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც ისარგებლონ იგივე შეღავათებით, რა შეღავათებითაც საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები სარგებლობენ. საუბარი მაქვს 5%-იანი დაბეგვრაზე, რომლითაც ჩვენ, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები ვსარგებლობთ.

მიმაჩნია, რომ 2024 წელს უფრო მზარდი იქნება სექტორი. 2023 წელს კი ერთ-ერთი მოწინავე იყო. აქედან გამომდინარე ამ ზრდის ფონზე მთავრობა სექტორის მიმართ უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენს. იმისათვის, რომ სექტორი გაიზარდოს უფრო მეტი ახალი მიმართულება განხორციელდება ტექნოლოგიური მიმართულებით“, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ. 

ICTA-ს თავმჯდომარის განმარტებით, დღეს არსებობს ისეთი რეალობა, რომ ადგილობრივ კომპანიებს შეღავათები არ აქვთ, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს აქვთ ბარიერები, რომ ბაზარზე განახორციელონ მიწოდება.

„სწორედ ამიტომ ადგილზე ქართული კომპანიები, ვისაც სურთ რომ ტექნოლოგიური და ინოვაციური გარდაქმნა გააკეთონ, სიძვირის გამო ვერც ადგილობრივი კომპანიები სარგებლობენ და ვერც საერთაშორისო კომპანიები და მათ უწევთ იაფიანი სერვისის მიმწოდებლების მოძიება საზღვარგარეთ. ჩვენს ასოციაციაში არიან როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი კომპანიები და მიგვაჩნია, რომ  დაბეგვრა უნდა იყოს ერთიანი და სამართლიანი და შემდგომ კონკურენცია თავად დააწესებს ბაზარზე იმ ზღვრებს, რომელიც უნდა იყოს მიწოდების მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

დღეს GITA-ს მიერ დაანონსდა, რომ საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიირებენ, 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები. 

ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით.

ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები შექმნას საქართველოში: 
•    ხელოვნური ინტელექტი -  საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით.
•    ფაგები - ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციისა თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების თითქმის საუკუნოვანი კვლევის გამოცდილება აქვს, შესაბამისად ჩვენს ქვეყანას შეუძლია ფაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო მასშტაბით გატანა.  

•    აგროტექნოლოგიები - სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველი ფერმერების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას. 

განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად: 
•    Founder Market Fit - პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და  ორი თვის განმავლობაში დამფუძნებლები გაივლიან აქტიურ ქოუჩინგს და მენტორინგს. 
•    MVP - ეტაპი მოიცავს ოთხთვიან მენტორიგს მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირებისა და კლინტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP-ს შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი. 
•    Market Entry - ეტაპი მოიცავს ექვსთვიან მენტორინგს ე.წ. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით. 

ინკუბაციის პროგრამას განახორციელებს 4 საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ინკუბატორი, რომელიც შეირჩევა GITA-ს მიერ. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ინკუბაციაში ჩაერთვება ჯამურად 160 სტარტაპი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები