20 000 სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური სერვისცენტრი - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
სერვისის რეგიონული ჰაბი, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზეა განთავსებული, სატვირთო მანქანებს, ავტობუსებსა და კომერციულ ტრანსპორტს ერთ სივრცეში სრულ მომსახურებას უწევს. „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი დაახლოებით ერთი წლის წინ ამოქმედდა და თვის ჭრილში 1500-მდე ავტოტრანსპორტს ემსახურება. უახლოეს მომავალში ამ ციფრის 2500-მდე გაზრდაა დაგეგმილი. სერვისცენტრისათვის განკუთვნილი ოთხი ჰექტარი ტერიტორია სხვადასხვა დანიშნულების ოთხ ბლოკს მოიცავს. სივრცეებს ერთი კონცეფცია აერთიანებს: მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით მოემსახურონ - იქნება ეს სავალი ნაწილის შემოწმება, ძრავა თუ ელექტრობა. ცალკე ბლოკები ეთმობა სამღებრო-სათუნუქე და სამაცივრო სისტემების შეკეთებას.

ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „გეზის ფილიალი განსაკუთრებულია როგორც თავისი მასშტაბურობით, ისე კონცეფციითა და მიდგომით. პირველები ვართ რეგიონში, ვინც სატვირთო და კომერციულ ავტოტრანსპორტს ორგანიზებულ და კომფორტულ გარემოში სერვისის სრული სპექტრი შესთავაზა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერვისცენტრი მულტიბრენდულია და მზადაა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკის მისაღებად. ფილიალის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. ცენტრი განთავსებულია ინდუსტრიულ ზონაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც დატვირთულია სატვირთო ნაკადებით თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა თუ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებზე. შედეგად, ეს ტრანზიტული ნაკადი სწორედ ჩვენს ფილიალში იყრის თავს და იქმნება სერვისის რეგიონული ჰაბი, რომლის მართვის დიდი გამოცდილება და შესაძლებლობაც გვაქვს“.
გეზის ფილიალის ინფრასტრუქტურა და გამორჩეული სერვისები
მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ A კატეგორია აქვს მინიჭებული და თანამედროვე დანადგარებითა და ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი.
ფილიალი, რომლის ფართობი 42 000 მ2-ია, რამდენიმე სივრცედ იყოფა.

MAN-ის შოურუმი და მულტიბრენდული სერვისი
A ბლოკში განთავსებულია MAN-ის ოფიციალური შოურუმი და მულტიბრენდული საავტომობილო სერვისი, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს:
• სამუხრუჭე სისტემის, გამონაბოლქვისა და მაშუქების დიაგნოსტირება
• სავალი ნაწილის შემოწმება და შეკეთება
• ძრავის დიაგნოსტიკა და სერვისი
• ელექტროსისტემების აღდგენა
ეს სივრცე განკუთვნილია როგორც მსუბუქი კომერციული, ისე მძიმე სატვირთო ტრანსპორტისთვის.

B ბლოკი – დიზელის საწვავი სისტემა, ძალური გადაცემის აგრეგატები, სამაცივრო აგრეგატები, ვულკანიზაციისა და სამღებრო-სათუნუქე სერვისები
ამ სივრცეშია განთავსებული სამღებრო-სათუნუქე უბანი, რომლის ანალოგიც რეგიონის არცერთ ქვეყანას არ აქვს. 22-მეტრიან სამღებროში ყველაზე დიდი გაბარიტების ავტომანქანის შეღებვა ერთიანად არის შესაძლებელი.

ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ავტომობილის ჩარჩო და ძალური კონსტრუქცია ქარხნული პარამეტრების შესაბამისად აღადგინოს, ფრანგული წამყვანი ბრენდის CELETTE-ს უახლესი, ე.წ. რობოტის კომპლექტის საშუალებით.
საერთო ჯამში, ფილიალს ამჟამად 31 სამუშაო სივრცე აქვს, რომლებიც სრულადაა ამოქმედებული.

იგეგმება კიდევ ხუთი წერტილის დამატება, სადაც „თეგეტას“ გამოცდილი სპეციალისტები მიკროავტობუსებს მოემსახურებიან. მომხმარებელი ამ შემთხვევაშიც სრულ სერვისს მიიღებს, იქნება ეს სავალი ნაწილი, საბურავები, ძრავა თუ ელექტრობა.
ფილიალის გახსნის დღიდან მოქმედებს მობილური სერვისის ორი მიკროავტობუსიც, რომლებიც საჭიროებისამებრ მომხმარებელს შემთხვევის ადგილზე უწევენ დახმარებას.

სამაცივრო სისტემების სერვისი - Thermo King
უკვე ექსპლოატაციაშია სამაცივრო სისტემების სერვისი. „თეგეტა მოტორსი“, რომელიც ამერიკული ბრენდის Thermo King-ის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია საქართველოში, მომხმარებელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. სერვისში უახლესი სპეცინსტრუმენტები და სადიაგნოსტიკო მოწყობილობებია განთავსებული, ხოლო სამუშაოებს გადამზადებული და გამოცდილი მექანიკოსები ასრულებენ. მომსახურება მოიცავს როგორც სამაცივრო სისტემების მონტაჟსა და პროფილაქტიკას, ისე სრულ ტექნიკურ შემოწმებასა და შეკეთებას, რაც, საბოლოოდ, სისტემის ხანგრძლივ და გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
ყველა სამუშაო სივრცე, უახლეს დანადგარებთან ერთად, თანამედროვე იტალიური წარმოების ამწეებითა და გერმანული ბრენდის სერვისის ორმოებით არის აღჭურვილი, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგიაზე ზრუნვა.
გარემოსდაცვითი კომპონენტი გათვალისწინებულია ასევე აგრეგატების სარეცხი უბნის ნაწილშიც. დაინერგა სერვისი, რომელიც სახიფათო ნარჩენებისგან დასვრილი აგრეგატების რეცხვას გულისხმობს. საავტომობილო ნაწილები სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარი დამონტაჟდა ავტომანქანების სამრეცხაო სივრცეშიც. სხვადასხვა რეჟიმის დახმარებით პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს და მხოლოდ ათი წუთი სჭირდება.
მობილური სერვისები და დამატებითი წერტილები
გეზის ფილიალის ბაზაზე მოქმედებენ მობილური ჯგუფებიც, რომლებიც მომხმარებელს სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის საჭირო დახმარებას ნებისმიერ ადგილზე აღმოუჩენენ.

სერვისცენტრში დანერგილი ბიზნესპროცესები სრულად მომხმარებელზეა მორგებული. სატრანსპორტო საშუალების მფლობელს სერვისის მრჩეველი ემსახურება, რომელიც ყველა საჭირო საკითხზეა პასუხისმგებელი - განაცხადის გახსნიდან დაწყებული, ანგარიშსწორებით დასრულებული. კიდევ უფრო მეტი კომფორტისათვის სერვისის მისაღებად ფილიალში წინასწარ ჩაწერაც შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარის მეშვეობით. გეზის ფილიალის ტერიტორიაზე მოქმედებს „თეგეტა ლაუნჯის“ სივრცეც, რომელიც სტუმრების მისაღებად უკვე მზად არის.

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ფილიალი დილის 09:30-დან 18:30-მდე მუშაობს. 00:00 სთ-მდეა შესაძლებელი სწრაფი სერვისების მიღება. ცენტრი ღიაა კვირა დღესაც, თუმცა შედარებით მოკლე სამუშაო დღითა და მხოლოდ ვულკანიზაციით. კვირა დღეს მომხმარებელს 09:30 სთ-დან 16:00 სთ-მდე მოემსახურებიან.
სხვა სიახლეები
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
18.08.2026.12:12
„თეგეტა აკადემია“ მსოფლიო ბრენდის - Bridgestone-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი გახდა ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში, აკადემია საბურავების მწარმოებელი ბრენდის Bridgestone-ის სასწავლო პროგრამებს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში უხელმძღვანელებს.
შედეგად, რეგიონის მასშტაბით Bridgestone-ის დილერებსა და გაყიდვების მენეჯერებს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის სრული დაცვით გადაამზადებენ. Bridgestone-მა „თეგეტა აკადემიას“ საკუთარი სატრენინგო მოდულები, სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია გადასცა - რესურსები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ბრენდის შიდა საკომუნიკაციო არხებში გამოიყენებოდა.
ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „Bridgestone 1998 წლიდან „თეგეტას“ სტრატეგიული პარტნიორია. სწორედ ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ბრენდმა რეგიონულ სასწავლო პარტნიორად სწორედ „თეგეტა აკადემია“ აირჩია. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სასწავლო პროცესი და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ. ის, რომ Bridgestone უფლებას გვაძლევს, არაერთ ქვეყანაში გავმართოთ ტრენინგები ბრენდის პროდუქტების შესახებ, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ფაქტი ადასტურებს, რომ „თეგეტა“ მსოფლიო ბრენდისთვის სანდო პარტნიორი და რეგიონში საიმედო დასაყრდენია“.
სასწავლო პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. პირველი საბურავის ტექნიკურ მახასიათებლებს მოიცავს - კონსტრუქციას, თვისებებსა და Bridgestone-ის სამოდელო ხაზებს ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის სეგმენტში. მეორე მიმართულება გაყიდვების სპეციფიკურ ტექნიკაზეა ფოკუსირებული, რომელიც პრემიუმ კლასის საბურავების რეალიზაციას უკავშირდება. ცალკე მოდულად გამოყოფილია Fleet Solution - ავტოპარკებთან, განსაკუთრებით სატვირთო გადაზიდვების სექტორთან მუშაობის მიმართულება. კურსდამთავრებულები Bridgestone-ისა და „თეგეტა აკადემიის“ ერთობლივ სერტიფიკატებს მიიღებენ.

Bridgestone-თან თანამშრომლობა „თეგეტა აკადემიის“ სასწავლო პროცესის ხარისხთან უშუალოდ არის დაკავშირებული. ბრენდი, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის საბურავების მწარმოებლებს შორისაა, აკადემიას არა მხოლოდ პროდუქტის შესახებ ცოდნას, არამედ საკუთარ სტანდარტებსაც გადასცემს, რომლებიც სასწავლო პროცესის თითოეულ ეტაპს მოიცავს ტრენერთა მომზადებიდან მეთოდოლოგიის გამოყენებამდე. შედეგად, ცოდნა, რომელსაც აკადემია სერტიფიცირებული ტრენერების მეშვეობით იღებს, შემდეგ „თეგეტას“ თანამშრომლების მეშვეობით უშუალოდ მომხმარებლამდე მიდის.
ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „Bridgestone ხარისხის სიმბოლოა - ეს არის ბრენდი, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და კონკრეტული ტექნიკური მტკიცებულებებითაა გამყარებული და სწორედ ეს მიდგომა გადმოაქვს სასწავლო პროცესში. როდესაც ამ დონის ბრენდი გვანდობს საკუთარი სტანდარტებით ტრენინგების გამართვას, ეს გვავალდებულებს, რომ ჩვენი მეთოდოლოგია, ტრენერები და სასწავლო პროცესი მის ხარისხს გავუთანაბროთ. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ აკადემიისთვის - ცოდნა, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები მიიღებენ, შემდეგ მომხმარებლამდე მივა და ხარისხის სტანდარტი საავტომობილო ინდუსტრიაზეც აისახება. ამიტომაც მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს აკადემიის ტრენერებისთვის, დილერებისა და იმ მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც, პროდუქტთან ერთად, ხარისხის გარანტიას იღებენ“.
იაპონური ბრენდი Bridgestone მსოფლიოს მასშტაბით საბურავების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. ბრენდი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. Bridgestone-ის საბურავები გამოირჩევა გამძლეობით, სტაბილურობით, კომფორტით, საწვავის ეკონომიითა და ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო გადაადგილებით.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „Bridgestone საბურავების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბრენდია, რომელიც საუკეთესოა თავისი უმაღლესი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. „თეგეტასა“ და Bridgestone-ის თანამშრომლობა 1998 წლიდან იღებს სათავეს და ის, რომ დღეს ბრენდმა რეგიონულ სასწავლო პარტნიორად სწორედ „თეგეტა აკადემია“ აირჩია, ამ ხანგრძლივი პარტნიორობით მოპოვებული ნდობის ლოგიკური შედეგია. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „თეგეტასთვის“, არამედ მთელი რეგიონის ავტოინდუსტრიისთვის, რომელიც, პრემიუმ ხარისხის სტანდარტებთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობასაც იღებს“.
„თეგეტა აკადემიის“ ტრენერებმა წარმატებით გაიარეს ტრენერთა მოსამზადებელი პროგრამა (Train of Trainers) და Bridgestone-ის სერტიფიცირებული სპეციალისტები გახდნენ. ამ ეტაპზე ბრენდის ოფიციალური ტრენინგების გამართვის უფლება სამ ქართველ ტრენერს აქვს მინიჭებული.
„თეგეტა აკადემიის“ რეგიონული ექსპანსია მხოლოდ Bridgestone-თან თანამშრომლობით არ სრულდება. აკადემია უკვე წარმოადგენს Porsche-ს რეგიონულ ტრენინგცენტრს, ხოლო უახლოეს მომავალში ანალოგიური სტატუსით თანამშრომლობას იწყებს ბრენდებთან - MAN-თან, JCB-სა და Bosch-თან. პარალელურად, აკადემიის გეგმებშია ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.