„თეგეტა“ ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს - კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება
„თეგეტა ჰოლდინგი“ თანამედროვე ტექნოლოგიურ და ციფრულ სერვისებს აფართოებს და კორპორაციული მომხმარებლებისთვის ავტოპარკის ფლობას კიდევ უფრო ამარტივებს. საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ კომპანიას GPS ოპერატორი, GeoGPS შეემატა. ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე, „თეგეტასთან“ ერთად, ბიზნესს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მომსახურებას შესთავაზებს, რაც სისტემურ მიდგომასა და ფლიტის მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას ნიშნავს. გარიგება უკვე ძალაშია. მხარეთა ჩართულობით დოკუმენტს ხელი „თეგეტას“ გეზის ფილიალის ტერიტორიაზე მოეწერა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“ განვითარების სტრატეგია მომხმარებელზე ორიენტირებული და მონაცემებზე დამყარებული ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. მაღალი სანდოობით გამორჩეული ტელემატიკ სისტემის კომპანიის “თეგეტა ჰოლდინგში” ინტეგრაცია კი ამ მიდგომის ლოგიკური და თანმიმდევრული გაგრძელებაა. ჩნდება ახალი შესაძლებლობა, სატრანსპორტო მონიტორინგისა და ფლიტის მენეჯმენტის მიმართულებით მომხმარებელს უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. მიგვაჩნია, რომ ეს გაფართოება ჰოლდინგისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ნათლად ადასტურებს ჩვენს მიზანს - ვიყოთ ინოვაციური მიდგომების სათავეში და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი, მდგრადი ღირებულების შექმნა ბიზნესისა და პარტნიორებისათვის“.
მოლაპარაკებები კომპანიებს შორის გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდა. შეთანხმება ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას, სანდოობასა და საერთო ხედვას - შეიქმნას ახალი პლატფორმა, რომელიც როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს სათანადოდ უპასუხებს. ეს არის ავტოპარკის მართვის ახალი თაობის სერვისი, რომელიც კლასიკურ GPS მონიტორინგს მნიშვნელოვნად სცდება. საუბარია ისეთ ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, როგორებიცაა: ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, საწვავისა და ექსპლუატაციის ხარჯების ანალიზი, მძღოლის ქცევის შეფასება, უსაფრთხოების გაუმჯობესება და ოპერაციული ეფექტიანობის ზრდა.
ნიკოლოზ ხიდურელი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი ფინანსური ოფიცერი: „GeoGPS-თან გარიგება „თეგეტას“ ფინანსური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც კაპიტალის ეფექტიან გადანაწილებასა და დიდი პოტენციალის მქონე მიმართულებებში ინვესტირებას გულისხმობს. GPS სერვისების ინტეგრაციით ჩვენ, ერთი მხრივ, ვაძლიერებთ განმეორებადი შემოსავლის წყაროებს და ფინანსურად მდგრად პლატფორმას ვქმნით, მეორე მხრივ კი, თანამედროვე, სისტემურად გამართული და კომპლექსური სერვისით ბაზარზე ლიდერის პოზიციას ვიმყარებთ.
ჩვენ წლებია, ვთანამშრომლობთ GeoGPS-თან, ვიცნობთ მათ პროდუქტს, ხარისხს, შესაძლებლობებსა და მართვის სტილს. შესაბამისად, ვფიქრობთ, საერთო ძალისხმევითადა სინერგიით დასახულ ამოცანებს წარმატებით შევასრულებთ და შევძლებთ, რომ ავტოპარკის ეფექტიანი მართვა მომხმარებლის ბიზნესის უწყვეტობის რეალურ გარანტად ვაქციოთ“.
კომპლექსური სერვისის ფარგლებში მომხმარებელი მონაცემებზე დაფუძნებული, ჭკვიანი ინსტრუმენტებით სარგებლობს, რომლებიც მას სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება - როდის სჭირდება ავტომობილს სერვისი, როგორ შემცირდეს ხარჯები, როგორ გაიზარდოს უსაფრთხოება და პროდუქტიულობა. მიზანი სრულფასოვანი Fleet Management პლატფორმის შექმნაა, რომელიც ბიზნესებს რეალურ, გაზომვად ღირებულებას შესთავაზებს და ავტოპარკის მართვას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს. მომსახურება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება. მსუბუქი, მძიმე და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მფლობელები ტექნიკური მომსახურების, სათადარიგო ნაწილების, მონიტორინგისა და ბიზნესანალიტიკის სრულ პაკეტს მიიღებენ.
დავით მუმლაძე, GeoGPS-ის დამფუძნებელი და დირექტორი: „თეგეტასთან“ კომუნიკაციის დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ საუბარი არ ეხებოდა მხოლოდ ფინანსურ გარიგებას. პირველივე შეხვედრებიდან გამოჩნდა, რომ ავტოპარკის მართვის მომავალს ორივე მხარე ერთნაირად უყურებდა. GeoGPS უკვე წლებია, საქართველოს ბაზრის ლიდერია ავტოპარკის მონიტორინგის სფეროში, თუმცა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო იყო პარტნიორი, რომელსაც აქვს მასშტაბი, ინფრასტრუქტურა და ძლიერი ურთიერთობა კორპორაციულ მომხმარებლებთან. „თეგეტა ჰოლდინგი“ ამ მხრივ უნიკალურ პოზიციაშია - ეს არის კომპანია, რომელსაც ენდობა ათასობით ბიზნესი და რომელიც აქტიურად ახორციელებს ინოვაციებს ავტომობილებისა და მობილობის მიმართულებით.
ამასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ GeoGPS შეინარჩუნებს ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას, გუნდსა და პროდუქტზე ფოკუსს, ხოლო „თეგეტასთან“ ერთად შეძლებს ახალი, კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღებას - ისეთების, რომლებიც მანქანას, სერვისს, მონაცემებსა და ანალიტიკას ერთ სისტემაში აერთიანებს“.
შეთანხმება უკვე ამოქმედებულია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, „თეგეტას“ მომსახურების თანამედროვე მიდგომებით ისარგებლოს. უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვით კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მისწრაფებას, იყოს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი სატრანსპორტო ინდუსტრიაში და ბიზნესებისთვის ავტოპარკის ფლობის ახალი მომავალი შექმნას.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
30.06.2026.16:17
ბიზნესის მხარდაჭერის კომპლექსური ხედვა, ინოვაციური მიდგომები და ტექნიკის ფართო არჩევანი „თეგეტა ჰოლდინგმა“ პარტნიორებსა და საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს რეგიონის უმსხვილეს სერვისცენტრში წარუდგინა. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური აღჭურვილობით გამორჩეულ გეზის ფილიალში, რომელიც მძიმე და სატვირთო ავტომობილებს ემსახურება, 150-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა.

შეხვედრის მიზანი იყო საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურაზე მორგებული პროდუქტების წარდგენა და, ამასთანავე, ჩინური ბრენდის, FAW-ის, ტექნიკის შესაძლებლობების გაცნობა. მსოფლიოში ცნობილ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ ოფიციალურად წარმოადგენს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ავტოპარკის ფლობის თანამედროვე გამოცდილებაც - ციფრული პლატფორმა Tegeta One, რომელიც დანახარჯების ერთ სივრცეში კონტროლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა აღარ არის მხოლოდ ტექნიკის შეძენა, მთავარი გამოწვევაა მისი ეფექტიანი ფლობა, მართვა და უწყვეტი მუშაობა. სწორედ ამიტომ „თეგეტას“ მიდგომა ეფუძნება ფლობიდან მოხმარების მოდელზე გადასვლას, სადაც მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულ საოპერაციო გადაწყვეტას: ფლიტ მენეჯმენტს, დაფინანსების მოქნილ ინსტრუმენტებს, Tegeta One-ის ციფრულ კონტროლს ავტოპარკის მდგომარეობასა და ხარჯებზე, მთლიანი ფლობის ღირებულების ანალიზს, საბურავებში ერთიანი შესყიდვის ნაცვლად თანხის გადახდას კილომეტრზე.
ჩვენი მიზანია, კომპანიებს დავეხმაროთ ხარჯების მაქსიმალურ კონტროლში, დაუგეგმავი გაჩერებების შემცირებაში და ტექნიკის პროდუქტიულობის ზრდაში. ასეთი კომპლექსური მიდგომა ბიზნესმენს აძლევს შესაძლებლობას, წლიურ ჭრილში დაახლოებით 18-20%-მდე შეამციროს ტექნიკის ფლობისა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები და ამავე დროს გაზარდოს ოპერაციული ეფექტიანობა და საკუთარი ბიზნესი“.

„თეგეტამ“ მომხმარებლებს საავტომობილო სერვისის რეგიონული ჰაბის ტერიტორიაზე მოწყობილ ექსპოზიციაზე MAN-ის, Renault Trucks-ის, JCB-ს, Bomag-ის, Liebherr -ის, XCMG-ს FAW-ის საგზაო და სამშენებლო სექტორისათვის განკუთვნილი მოდელები წარუდგინა. სტუმრებმა ინფორმაცია საავტომობილო პროდუქტებთან დაკავშირებითაც მიიღეს. ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თანამედროვე სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბაზარზე ტექნიკის გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია პროექტების ვადებსა და კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასთან. სწორედ ამიტომ ჩვენი უმთავრესი მიზანია, ბიზნესს მივაწოდოთ არა უბრალოდ მაღალი კლასის მძიმე ტექნიკა, არამედ სრული, გრძელვადიანი საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ორიგინალი ნაწილებისა და უმაღლესი ხარისხის საავტომობილო მასალების მუდმივ ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, ოპერატიული მომსახურებითა და 360-გრადუსიანი სერვისით ჩვენს პარტნიორებს ვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ თავიანთი საქმიანობის წარმართვა. ამ მიზანს ემსახურება Tegeta One-იც, პლატფორმა, სადაც თავს იყრის ტელემატიკ სისტემის (GeoGPS) მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ცალკეული ავტომობილისა თუ სრული ავტოფლოტის გადაადგილების, მდგომარეობის ან საწვავის მოხმარების შესახებ. ასევე ბიზნესი მუდმივად საქმის კურსშია საკუთარი ავტოპარკის ტექნიკური გამართულობისა თუ აუცილებელი სერვისის თაობაზე“.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩინური უმსხვილესი ავტომწარმოებლის FAW-ის ტექნიკის წარდგენა. ბრენდი, რომელიც მძიმე და სატვირთო ტექნიკას 1953 წლიდან აწარმოებს, „თეგეტას“ პორტფელს ცოტა ხნის წინ შეემატა. გამძლეობითა და ეკონომიური ეფექტიანობით გამორჩეული ტექნიკა საქართველოს ბაზრისათვის უკვე ხელმისაწვდომია. გეზის ფილიალში სტუმრებისათვის FAW-ის წარმოების თვითმცლელი და ბეტონის შემრევი იყო გამოფენილი.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ქართულ საავტომობილო ბაზარზე FAW-ის გამოჩენა სამშენებლო და საგზაო სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ტექნიკა გათვლილია რთულ საოპერაციო პირობებზე და მაღალი საინჟინრო სანდოობით გამოირჩევა. ეს არის ფასისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსი და ამ ბრენდზე არჩევანის გაკეთება საწვავის ოპტიმალურ ხარჯსა და მინიმალურ საექსპლოატაციო დანახარჯებს ნიშნავს.
ჩვენ გვსურს, მომხმარებელს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, რათა სხვადასხვა მოდელისა და სპეციფიკაციის ტექნიკის ხელმისაწვდომობით თითოეულმა ბიზნესმა კონკრეტულად თავის საჭიროებებზე მორგებული, უალტერნატივო გადაწყვეტილება იპოვოს“.
ღონისძიებაზე „თეგეტამ“ პარტნიორებს მიწოდების მოკლე ვადები, საოპერაციო ლიზინგის მოქნილი პირობები და „თეგეტა ლიზინგის“ ეფექტიანი ფინანსური ინსტრუმენტებიც შესთავაზა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფლობის ჯამური ღირებულების (TCO) ანალიზსაც, რამაც ნათლად აჩვენა, რატომ არის პრემიუმ პროდუქტები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მოგებიანი. ხარჯების მაქსიმალური კონტროლისთვის კი სტუმრებს საბურავების მიმართულებით დანერგილი PPK (ფასი კილომეტრზე) მოდელი გააცნეს, რაც ბიუჯეტის ზუსტი დაგეგმვის გარანტიაა.

სტუმრებმა სიახლის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, გეზის ფილიალში სულ მალე ახალი D ბლოკი გაიხსნება, რომელიც სპეციალიზებული იქნება მიკროავტობუსების სერვისსა და შესაბამის პროდუქტებზე, რაც ცენტრის გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გააფართოებს.