„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
ბიზნესის მხარდაჭერის კომპლექსური ხედვა, ინოვაციური მიდგომები და ტექნიკის ფართო არჩევანი „თეგეტა ჰოლდინგმა“ პარტნიორებსა და საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს რეგიონის უმსხვილეს სერვისცენტრში წარუდგინა. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური აღჭურვილობით გამორჩეულ გეზის ფილიალში, რომელიც მძიმე და სატვირთო ავტომობილებს ემსახურება, 150-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა.

შეხვედრის მიზანი იყო საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურაზე მორგებული პროდუქტების წარდგენა და, ამასთანავე, ჩინური ბრენდის, FAW-ის, ტექნიკის შესაძლებლობების გაცნობა. მსოფლიოში ცნობილ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ ოფიციალურად წარმოადგენს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ავტოპარკის ფლობის თანამედროვე გამოცდილებაც - ციფრული პლატფორმა Tegeta One, რომელიც დანახარჯების ერთ სივრცეში კონტროლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა აღარ არის მხოლოდ ტექნიკის შეძენა, მთავარი გამოწვევაა მისი ეფექტიანი ფლობა, მართვა და უწყვეტი მუშაობა. სწორედ ამიტომ „თეგეტას“ მიდგომა ეფუძნება ფლობიდან მოხმარების მოდელზე გადასვლას, სადაც მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულ საოპერაციო გადაწყვეტას: ფლიტ მენეჯმენტს, დაფინანსების მოქნილ ინსტრუმენტებს, Tegeta One-ის ციფრულ კონტროლს ავტოპარკის მდგომარეობასა და ხარჯებზე, მთლიანი ფლობის ღირებულების ანალიზს, საბურავებში ერთიანი შესყიდვის ნაცვლად თანხის გადახდას კილომეტრზე.
ჩვენი მიზანია, კომპანიებს დავეხმაროთ ხარჯების მაქსიმალურ კონტროლში, დაუგეგმავი გაჩერებების შემცირებაში და ტექნიკის პროდუქტიულობის ზრდაში. ასეთი კომპლექსური მიდგომა ბიზნესმენს აძლევს შესაძლებლობას, წლიურ ჭრილში დაახლოებით 18-20%-მდე შეამციროს ტექნიკის ფლობისა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები და ამავე დროს გაზარდოს ოპერაციული ეფექტიანობა და საკუთარი ბიზნესი“.

„თეგეტამ“ მომხმარებლებს საავტომობილო სერვისის რეგიონული ჰაბის ტერიტორიაზე მოწყობილ ექსპოზიციაზე MAN-ის, Renault Trucks-ის, JCB-ს, Bomag-ის, Liebherr -ის, XCMG-ს FAW-ის საგზაო და სამშენებლო სექტორისათვის განკუთვნილი მოდელები წარუდგინა. სტუმრებმა ინფორმაცია საავტომობილო პროდუქტებთან დაკავშირებითაც მიიღეს. ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თანამედროვე სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბაზარზე ტექნიკის გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია პროექტების ვადებსა და კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასთან. სწორედ ამიტომ ჩვენი უმთავრესი მიზანია, ბიზნესს მივაწოდოთ არა უბრალოდ მაღალი კლასის მძიმე ტექნიკა, არამედ სრული, გრძელვადიანი საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ორიგინალი ნაწილებისა და უმაღლესი ხარისხის საავტომობილო მასალების მუდმივ ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, ოპერატიული მომსახურებითა და 360-გრადუსიანი სერვისით ჩვენს პარტნიორებს ვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ თავიანთი საქმიანობის წარმართვა. ამ მიზანს ემსახურება Tegeta One-იც, პლატფორმა, სადაც თავს იყრის ტელემატიკ სისტემის (GeoGPS) მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ცალკეული ავტომობილისა თუ სრული ავტოფლოტის გადაადგილების, მდგომარეობის ან საწვავის მოხმარების შესახებ. ასევე ბიზნესი მუდმივად საქმის კურსშია საკუთარი ავტოპარკის ტექნიკური გამართულობისა თუ აუცილებელი სერვისის თაობაზე“.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩინური უმსხვილესი ავტომწარმოებლის FAW-ის ტექნიკის წარდგენა. ბრენდი, რომელიც მძიმე და სატვირთო ტექნიკას 1953 წლიდან აწარმოებს, „თეგეტას“ პორტფელს ცოტა ხნის წინ შეემატა. გამძლეობითა და ეკონომიური ეფექტიანობით გამორჩეული ტექნიკა საქართველოს ბაზრისათვის უკვე ხელმისაწვდომია. გეზის ფილიალში სტუმრებისათვის FAW-ის წარმოების თვითმცლელი და ბეტონის შემრევი იყო გამოფენილი.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ქართულ საავტომობილო ბაზარზე FAW-ის გამოჩენა სამშენებლო და საგზაო სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ტექნიკა გათვლილია რთულ საოპერაციო პირობებზე და მაღალი საინჟინრო სანდოობით გამოირჩევა. ეს არის ფასისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსი და ამ ბრენდზე არჩევანის გაკეთება საწვავის ოპტიმალურ ხარჯსა და მინიმალურ საექსპლოატაციო დანახარჯებს ნიშნავს.
ჩვენ გვსურს, მომხმარებელს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, რათა სხვადასხვა მოდელისა და სპეციფიკაციის ტექნიკის ხელმისაწვდომობით თითოეულმა ბიზნესმა კონკრეტულად თავის საჭიროებებზე მორგებული, უალტერნატივო გადაწყვეტილება იპოვოს“.
ღონისძიებაზე „თეგეტამ“ პარტნიორებს მიწოდების მოკლე ვადები, საოპერაციო ლიზინგის მოქნილი პირობები და „თეგეტა ლიზინგის“ ეფექტიანი ფინანსური ინსტრუმენტებიც შესთავაზა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფლობის ჯამური ღირებულების (TCO) ანალიზსაც, რამაც ნათლად აჩვენა, რატომ არის პრემიუმ პროდუქტები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მოგებიანი. ხარჯების მაქსიმალური კონტროლისთვის კი სტუმრებს საბურავების მიმართულებით დანერგილი PPK (ფასი კილომეტრზე) მოდელი გააცნეს, რაც ბიუჯეტის ზუსტი დაგეგმვის გარანტიაა.

სტუმრებმა სიახლის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, გეზის ფილიალში სულ მალე ახალი D ბლოკი გაიხსნება, რომელიც სპეციალიზებული იქნება მიკროავტობუსების სერვისსა და შესაბამის პროდუქტებზე, რაც ცენტრის გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გააფართოებს.
სხვა სიახლეები
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება - TBC Capital
30.09.2026.10:00
რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში?
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში რეალურ გამოსახულებაში 7.8%-ით გაიზარდა. ეს 2025 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ 8.6%-ზე მცირედით დაბალია, ხოლო ყოველთვიური წინასწარი შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ მაჩვენებელს 0.1 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება. ჯამური მაჩვენებლის მიღმა, შეიცვალა ეკონომიკურ ზრდაში სექტორების წვლილიც. კერძოდ, განათლების სექტორს, რომლის წვლილი ერთი წლის წინ დაახლოებით 1.8 პპ იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდაზე პრაქტიკულად არ უმოქმედია, ხოლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წვლილი ნახევარზე მეტად შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის ერთობლივი კონტრიბუცია, დაახლოებით, 1.2 პპ-ით გაიზარდა.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა (ICT), რომელიც გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი კომპონენტი იყო, დომინანტური როლი მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც შეინარჩუნა - ამ სექტორზე საბაზისო ფასებში გამოსახული რეალური მშპ-ის ზრდის თითქმის 29% მოდის; ორჯერ მეტი, ვიდრე სიდიდით მომდევნო სექტორის წილი.
აღსანიშნავია, რომ ზრდის კომპონენტები საანალიზო მაჩვენებლის მიხედვით საკმაოდ განსხვავდება. შედარებისთვის, ეკონომიკის მთლიანი გამოშვება დაახლოებით 12%-ით, ხოლო ნომინალური მშპ დაახლოებით 11%-ით გაიზარდა, სხვადასხვა სექტორის ხარჯზე. კერძოდ, თუკი, სასაქონლო ექსპორტის მკვეთრი ზრდის ფონზე, სამთომოპოვებითმა და დამამუშავებელმა მრეწველობამ გამოშვების ზრდის 30% უზრუნველყო, მათი წილი ნომინალური მშპ-ის ზრდაში მხოლოდ 10%, ხოლო რეალური მშპ-ის ზრდაში 6%-ზე ნაკლები იყო. საპირისპიროდ, ჯამურად მომსახურების სექტორებზე რეალური ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 96% მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი გამოშვების ზრდაში მათი წილი 66%-ს შეადგენდა. ამასთან, სოფლის მეურნეობამ და მშენებლობამ ეკონომიკურ ზრდაში უარყოფითი წვლილი შეიტანა.
ამრიგად, ეროვნული ანგარიშების მონაცემები თანხვედრაშია ბიზნესსექტორის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს წინა პუბლიკაციაში გაკეთებულ დასკვნებთან: სასაქონლო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულმა საქმიანობამ ეკონომიკის გამოშვება მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა შუალედური მოხმარების მაღალი წილის გამო ამ ზრდის მხოლოდ მცირე ნაწილი აისახა ადგილობრივ დამატებულ ღირებულებაში. ამასთან, თავად დამატებული ღირებულების ზრდის საგრძნობი ნაწილი ფასების ზრდას უკავშირდებოდა.
საგარეო ვაჭრობის მონაცემები დამატებით ნიუანსზეც მიუთითებს: მართალია, ექსპორტის ზრდაში წამყვან როლს კვლავ სასაქონლო პროდუქცია ასრულებს, მაგრამ უფრო ზოგადი დინამიკაც საკმაოდ მძლავრია. აგვისტოში ექსპორტი წლიურად 24.7%-ით, ხოლო იანვარ-აგვისტოში 22.1%-ით გაიზარდა. ამ ზრდიდან 14.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის 64%-ზე მეტი, ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა. ოქროს, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და აზოტოვანი სასუქების დამატებით კი, სასაქონლო ჯგუფების ერთობლივმა წვლილმა ექსპორტის მთლიან ზრდასაც გადააჭარბა და მისი 106%, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ამავდროულად, ექსპორტის დარჩენილი ნაწილის სუსტი დინამიკა მთლიანად ავტომობილების რე-ექსპორტის 22%-იან წლიურ კლებას უკავშირდება - აღნიშნული ხუთი სასაქონლო ჯგუფისა და ავტომობილების გამოკლებით, ექსპორტი წლიურად 15.5%-ით გაიზარდა, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე.
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამური მაჩვენებელი წლიურად 8.0%-ით გაიზარდა (2025 წლის იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ), საიდანაც ნედლ და გადამუშავებულ ნავთობზე 5.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის თითქმის 65% მოდის. ნავთობის იმპორტის ზრდა და ავტომობილების იმპორტის 12.5%-იანი კლება ზრდის ჯამურ ტემპზე ერთმანეთის გავლენას თითქმის სრულად აბალანსებს: ნავთობისა და ავტომობილების გამოკლებით, იმპორტი 8.3%-ითაა გაზრდილი, რაც მცირედით აღემატება კიდეც მთლიან მაჩვენებელს, თუმცა ექსპორტის ზემოაღნიშნულ ზრდასთან შედარებით მაინც მნიშვნელოვნად დაბალია.
საყურადღებოა, რომ აგვისტოში ავტომობილების იმპორტში 2026 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა - წლიურად თითქმის 35%. მოკლევადიან პერიოდში ეს სავაჭრო ბალანსს აუმჯობესებს, თუმცა მომდევნო თვეებში ავტომობილების რე-ექსპორტის დინამიკის კიდევ უფრო შესუსტების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. ავტომობილების წმინდა ექსპორტის თვალსაზრისით განსაკუთრებით ძლიერი 2025 წლის შემდეგ, მსგავს განვითარებას თიბისი კაპიტალი მიმდინარე წლის დასაწყისში პროგნოზირებდა, თუმცა მასშტაბზე, სავარაუდოდ, 6 წელზე ძველი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის ზრდაც აისახა.
ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.
სხვა წყაროების მხრივ, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით, 5.1 მლნ აშშ დოლარმდე შემცირებამ გამოიწვია. ივლისში რუსეთიდან გზავნილების 97%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემით განხორციელდა. მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა გზავნილებზე ყირგიზეთიდანაც, საიდანაც გზავნილები თვიურად 73%-ით შემცირდა და 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმ ფონზე, რომ ივლისში ნაკადების 66% სწორედ ამ სისტემის გამოყენებით გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილების მსგავსი, 42%-იანი თვიური კლება გამოიწვია Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც, თუმცა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკადების დიდი ნაწილის სხვა სისტემებზე მიგრაცია დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.
რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, წინასწარი ინდიკატორები საკმაოდ მძლავრ დინამიკაზე მიუთითებს. ივლისსა და აგვისტოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, არარეზიდენტების რეალურმა უნაღდო დანახარჯებმა ზრდა სექტემბერშიც განაგრძო. ამ ფონზე, ბოლო დღეებში მცირე შენელების მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მომატებული რჩება საქართველოს აეროპორტებში აღრიცხული ფრენების რაოდენობაც. ექსპორტის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაუმჯობესების შედეგად, აგვისტოში საგარეო შემოდინებების ამ ორი მთავარი წყაროდან მიღებული სავალუტო ნაკადები კვლავ გაიზარდა. შესაბამისად, თუკი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პიკზე ტურიზმის დანაკლისს ექსპორტის ზრდა აბალანსებდა, ამჯერად ორივე წყარო მძლავრი დინამიკით ხასიათდება.
საერთო ჯამში, წმინდა სავალუტო შემოდინებების თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში დამატებით გაიზარდა. თავის მხრივ, ეს დინამიკა თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოსმიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება, ხოლო მეორე კვარტლის მონაცემები უკვე სექტემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007705-macro-update-georgia