დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლის ბოლოდან „გურია ფიში“ ნორვეგიული ორაგულის რეალიზაციას ყველა ქსელურ მარკეტში გეგმავს

წლის ბოლოდან „გურია ფიში“ ნორვეგიული ორაგულის რეალიზაციას ყველა ქსელურ მარკეტში გეგმავს

2024-05-07 15:00:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მდებარე „გურია ფიში“, რომელიც ამ დროისათვის ნორვეგიული ორაგულს ბაზარს სატესტო რეჟიმში აწვდის, წლის ბოლოდან ქვეყნის მასშტაბით ყველა ქსელურ მარკეტში იქნება წარმოდგენილი.

ამის შესახებ როგორც Business Insider Georgia-სთან „გურია ფიშის“ დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ განაცხადა. 

„დღემდე ჩვენი პროდუქცია მარკეტებში სატესტოდ შეგვქონდა, თუმცა წლის ბოლოდან უკვე მასიურ გაყიდვებს ვიწყებთ და ყველა ქსელურ მარკეტში ვიქნებით წარმოდგენილები. წელიწადში ბაზარზე გასაყიდად 1000 ტონა ნორვეგიულ ორაგულს გამოვიტანთ, რომელზედაც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, დღეს ბაზარტზე იმპორტირებული ნორვეგიული ორაგულის ღირებულება 1 კგ-ზე 60 ლარიდან იწყება, თუმცა „გურია ფიში“ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასებით შევა.

როგორც კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „გურია ფიში“ თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით შავი ზღვის წყლით შევსებულ რეზერვუარებში აწარმოებს ორაგულს და ქმნის საუკეთესო გარემოს ჯანსაღი თევზის გასაზრდელად.

„2018 წელს, ევროპული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევებით დავადგინეთ, რომ გურიის ინფრასტრუქტურა შეესაბამება თევზის საცდელი მეურნეობისთვის საჭირო მოთხოვნებს, ამის შემდეგ დავიწყეთ მეურნეობის მშენებლობა.

ობიექტის პროექტირება შეასრულა ცნობილმა დანიურმა კომპანია AKVA group-მა. გამოსაყენებელი წყლის ქიმიური ანალიზის კვლევა ჩატარდა ნორვეგიაში, ხოლო ყველა სხვა ექსპერიმენტი და ტესტირება გურია ფიშის გუნდმა თავად შეასრულა.

ორაგულის ქვირითის შესყიდვა ხორციელდება ნორვეგიიდან, სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია AquaGen-ისგან.

მეურნეობის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ქართული სამშენებლო კომპანია სს ენერგონი Energony JSC

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში და მთელს რეგიონში ნორვეგიული ორაგულის წარმოება აქამდე არ განხორციელებულა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის ამ დარგის განვითარებაში.

ოზურგეთის სალიფსიტე ავზები მდინარე ბჟუჟიდან ივსება. წყალი ულტრაიისფერი ნათების მეშვეობით სუფთავდება ბაქტერიებისა და პარაზიტებისგან, ჩილერის საშუალებით გრილდება და ქვიშისგან გაფილტრული მიედინება საქვირითისკენ და შემდგომ ავზებისკენ.

მნიშვნელოვანია, რომ ავზებში მდინარის წყლის მიწოდება უწყვეტად მიმდინარეობს, მათში ბუნებრივი წყალი საათში ერთხელ სრულიად ახლდება და არ ხდება რეცირკულირება, რაც თევზისთის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის. გარდა ამისა, სენსორების მეშვეობით მუდმივად მიმდინარეობს წყლის ტემპერატურის და სატურაციის გაზომვა და საჭიროების მიხედვით მისი აერაცია – ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება.

სალიფსიტეში ნორვეგიული ორაგულის და სამი სახეობის კალმახის ქვირითი პირველად 2019 წლის აგვისტოში გაეშვა. მეურნეობაში რამდენიმე სხვადასხვა ზომის ავზია და მათში გამოჩეკილი ორაგულის ლიფსიტების გადაყვანა, წონის გათვალისწინებით, რამდენიმე ეტაპად ხდება. სალიფსიტეში თევზი 6 თვის განმავლობაში იზრდება, სანამ მისი წონა 50-60 გრამს მიაღწევს. ამის შემდგომ ლიფსიტები ზრდას შავი ზღვის ფერმაში განაგრძობენ.

გურიაფიშის გუნდის მიერ წარმატებით განხორციელებული სალიფსიტის პროექტის შემდგომ, დავიწყეთ ფერმის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რ-ნ სოფელ წყალწმინდაში. ფერმისთვის აღნიშნული ლოკაციის შერჩევის იდეა იყო ნორვეგიული ორაგულის გაზრდა შავი ზღვის წყალში. 

მეურნეობაში რამდენიმე ზომის ბეტონის რეზერვუარია. ზღვის წყლის აღება ხდება სანაპიროდან 500 მეტრის დაშორებით, 40 მ სიღრმიდან, შემდეგ კი მილების საშუალებით მიეწოდება რეზერვუარებს.

წყლის მიწოდება უწყვეტად მიმდინარეობს, შედეგად, ავზებში ზღვის წყალი საათში ერთხელ სრულიად ახლდება. სენსორების მეშვეობით ვახდენთ წყლის ტემპერატურის, ჟანგბადის და მარილის შემცველობის გადამოწმებას.

გამოყენებული წყალი სუფთავდება ნარჩენებისგან და სანაპიროდან 250 მეტრში კვლავ ზღვაში ჩაედინება“, - აღნიშნულია კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები