დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაჭრობის სექტორში, ბიზნესის განწყობის გაუარესება მოსალოდნელი იყო - ივა ჭყონია

ვაჭრობის სექტორში, ბიზნესის განწყობის გაუარესება მოსალოდნელი იყო - ივა ჭყონია

2024-02-21 17:00:00

2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა.

„BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა, - ამის შესახებ ISET Policy Institute-ის ბიზნესის განწყობის კვლევაშია ნათქვამი.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ვაჭრობის სექტორში ბიზნესის განწყობის გაუარესება მოსალოდნელი იყო.

„ISET Policy Institute-ის ამ კვლევაში მეც ვმონაწილეობდი. 2024 წლის პირველი ორი თვით რომ ვიმსჯელოთ, აქტივობა იანვარ-თებერვლის პერიოდში, თუნდაც მარტი ავიღოთ ვაჭრობის სექტორში არის ძალიან დაბალი. ვაჭრობის სექტორისთვის ყველაზე კარგი დროა სააღდგომო და საახალწლო გაყიდვები“, - ამბობს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ვაჭრობის სექტორში ვითარების შეცვლას, ქვეყანაში მიგრანტების შემცირებას უკავშირებს.

„ვითარება წინა პერიოდებს რომ შევადაროთ, მიგრანტების და დევნილების შემოდინება რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან იყო ძალიან მაღალი, რამაც სავაჭრო სფეროში მაღალი აქტივობა გამოიწვია. ახლა ვითარება ამ მიმართულებით დასტაბილურდა. მიგრანტებისა და დევნილების ნაწილმა საქართველო დატოვა, ნაწილი კი დარჩა და შესაბამისად სავაჭრო სფეროში ისეთი მაღალი აქტივობა აღარ შეინიშნება. ალბათ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ აქვთ სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს აქტიური ზრდის მოლოდინი. სავაჭრო სექტორის ბრუნვა იანვარ-თებერვალში საგრძნობლად შემცირდა, სამაგიეროდ დეკემბერში აქტივობა მაღალი იყო“, - ამბობს ივა ჭყონია.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 5.0 პუნქტით შემცირდა და 2024 წლის I კვარტლისთვის 18.0-ს გაუტოლდა.

ISET Policy Institute-ის ბიზნესის განწყობის კვლევის თანახმად, მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-28.6) და მრეწველობის (-16.3) სექტორებში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 34.8 პუნქტამდე შემცირდა.

2024 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა ვაჭრობის (-23.8) და მრეწველობის (-8.2) სექტორებში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.8-ით გაიზარდა და 18.4 პუნქტს მიაღწია.

„ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა“, - ნათქვამია კვლევაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები