დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
White Sails-ის პროექტში აპარტამენტების 99%-ი უკვე გაყიდულია - AR Meridians

White Sails-ის პროექტში აპარტამენტების 99%-ი უკვე გაყიდულია - AR Meridians

2023-10-21 11:00:07

ბათუმში გრანდიოზული პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი  White Sails-ი, რომელსაც AR Meridians ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება. როგორც Business Insider Georgia-ს AR Meridians-ის დირექტორმა ნათია გოგიძემ განუცხადა, White Sails-ის პროექტში აპარტამენტების 99%-ი უკვე გაყიდულია, ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს და მეორე მაღალი კლასის სასტუმროც მალე გაიხსნება. 

AR Meridians-ში განმარტავენ, რომ გაყიდული აპარტამენტების დიდი ნაწილი ისრაელის მოქალაქეებზე მოდის, პროექტში აპარტამენტებს ფლობენ ასევე პოლონეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. 

დახვეწილი არქიტექტურის წყალობით, ზღვის და ბულვარის ხედებით ტკბობა ნებისმიერი სართულიდანაა შესაძლებელი.

„პროექტი თითქმის დასრულებულია. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით ის 2025 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. პროექტში შემავალი სასტუმრო The Grandeur Hotel-ი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო Ibis Styles Batumi-ი  2024 წლის დასაწყისში გაიხსნება.

პროექტი აერთიანებს ასევე უფასო მიწისზედა პარკინგს, ამით ჩვენი კომპლექსი უნიკალურია. ასევე გაქვს უზარმაზარი გამწვანებული ეზო, საბავშვო მოედანი, ძალიან დიდი საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია დიდებისთვის და პატარებისთვის. ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის რესტორანი: ქართული, ევროპული, იტალიური. გვაქვს სნეკ ბარი და 24 საათიანი მარკეტი“, - განუცხადა  Business Insider Georgia-ს ნათია გოგიძემ.

სასტუმრო The Grandeur Hotel-ი, რომელიც ივლისიდან ფუნქციონირებს 120 ნომრიანია, ხოლო Ibis Styles Batumi 125 ნომრიანი. 

White Sails ბათუმში ზღვის პირველ ზოლში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს და ჯამში 30,000 კვ.მ. ფართობს მოიცავს. მულტიფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებულია ოთხი აპარტოტელი, მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლი, პრემიუმ კლასის ბუტიკური ტიპის მრავალფუნქციური საცხოვრებელი Sea Home Batumi, ორი მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო, რომელთაგან ერთ-ერთი Ibis Styles Batumi-ია და 5 ვარსკვლავიანი საინვესტიციო პროექტი The Grandeur Hotel.

White Sails-ის კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ინვესტიციის მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავია და 60 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს. კომპლექსი არქიტექტურულმა კომპანია BWC Project Group-მა დააპროექტა, რომელსაც ამ სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ANAGI, რომელიც ბაზარზე 1989 წლიდან მოქმედებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები