დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, ფასი გაიზარდა - TBC Capital-ი

ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, ფასი გაიზარდა - TBC Capital-ი

2023-04-25 13:02:55

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა თებერვლის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩა. თბილისში სულ 3,328 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ამავდროულად, საშუალო გასაყიდმა ფასმა  ზრდა განაგრძო და 1,153$-ს გაუტოლდა, რაც 39%-ით აჭარბებს 2022 წლის მარტის და 1.5%-ით წინა თვის მაჩვენებელს. ფასების ზრდის ხარჯზე ბაზრის ზომა წლიურად 34%-ით გაიზარდა და 261$ მილიონი შეადგინა.

მარტში საშუალო გასაქირავებელი ფასი 4.5%-ით გაიზარდა თებერვალთან შედარებით და 13.2$-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში ქირის ფასის ზრდამ 101% შეადგინა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 12.1%-ს გაუტოლდა, რაც 3.7 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს.

ბაზრის ძირითადი პარამეტრების თიბისი კაპიტალის პროგნოზი უცვლელი რჩება. მთავარი ფაქტორები, რომელიც ბაზარზე დადებითად მოქმედებს, არის ლარის კურსის გამყარება და ისტორიულად მაღალი ამონაგები. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის I კვარტალში თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 71%-ით არის გაზრდილი (იხ. დანართი), რაც მომავალში ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს. ამის გამო შესაძლოა, ბაზრის კორექცია, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან იყო მოსალოდნელი, უფრო ადრე დაიწყოს.

 

2023 წლის მარტში სულ 633 ახალი ბინა გაიყიდა რაც 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. კლების მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებითაც (-15%). ძველი ბინების შემთხვევაში (2,695 ტრანზაქცია) მკვეთრი ცვლილებები ნაკლებად შეიმჩნევა. წინა წელთან შედარებით 4%-ანი კლება დაფიქსირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2%-ანი მატება. შედეგად, ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 19%-მდე შემცირდა.

საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ახალი (+45%), ასევე ძველი ბინების (+37%) შემთხვევაში. წინა თვესთან შედარებით ახალ ბინებში მკვეთრი ზრდა გამოიკვეთა (+6.6%), ხოლო ძველ ბინებში ფაქტიურად უცვლელი დარჩა (+0.2%). 

2023 წლის მარტში მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი (42%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. მოთხოვნადი იყო ასევე 35-დან 50-მდე კვ.მ-მდე და 35 კვ.მ-ზე ნაკლები ფართის მქონე ბინები. ამავდროულად, გაყიდული ბინების მხოლოდ 6% აღემატებოდა 125 კვ.მ-ს. მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალი (>1,500 $/კვ.მ) და საშუალო (900–1,200 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილი მთლიან ტრანზაქციებში.

2023 წლის მარტში, საბურთალო დაუბრუნდა პირველ ადგილს გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით. ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობამ წლიურად იკლო უბნების უმეტესობაში, თუმცა დიდუბესა (+63%) და ისანში (+37%) მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

ძველი ბინების გაყიდვების შემთხვევაში, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა შეინიშნება ჩუღურეთში (+46%) და კრწანისში (+44%). დადებითი ცვლილება ასევე დაფიქსირდა დიდ დიღომში (+9%), საბურთალოსა (+7%) და გლდანში (+4%). დანარჩენ უბნებში ძველი ბინების გაყიდვებმა იკლო.

მთაწმინდა და ვაკე კვლავ გამოირჩევა ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით. 2023 წლის მარტში მთაწმინდაზე კვადრატულის ფასი საშუალოდ 1,800$-ს აღემატებოდა. იმავე პერიოდში თითქმის ყველა უბანში ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების გასაყიდ ფასში. მხოლოდ ჩუღურეთის ძველი ბინების ფასების შემთხვევაში დაფიქსირდა წლიური კლება (-11%).
 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები