დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი ინფლაციურ რისკებს ხედავს და არ მიიჩნევს, რომ მკვეთრი ნაბიჯების დროა - გიორგი ხიშტოვანი

ეროვნული ბანკი ინფლაციურ რისკებს ხედავს და არ მიიჩნევს, რომ მკვეთრი ნაბიჯების დროა - გიორგი ხიშტოვანი

2023-09-13 22:03:15

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაზე მოსალოდნელი იყო, რადგან წინა გადაწყვეტილებების დასაბუთების ნაწილში იყო მინიშნებები, რომ სებ-ი განაგრძობდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.

რაც შეეხება შემცირების მასშტაბს, გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ განაკვეთის 0,25%-იანი კლება ლოგიკურია, რადგან წინა განცხადებებში ეროვნული ბანკი განაკვეთის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირების შესახებ აკეთებდა პროგნოზს.

„აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს ცვლილება არაა გასაკვირი და იმ საბაზისო სცენარს წარმოადგენს, რასაც ეროვნული ბანკი „დაგვპირდა“.

რაც შეეხება პერსპექტივას, სებ-ის მინიშნებები ახლაც მივიღეთ, რომელიც თან ახლდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებას, რომ კლების ნელი ტრენდი გაგრძელდება. ინფლაციურ რისკებს ისევ ხედავს ეროვნული ბანკი და აქედან გამომდინარე არ მიიჩნევს, რომ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის დროა“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

თუმცა „პი ემ სის“ კვლევითი ცენტრის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ 2024 წელს ახალი მენეჯმენტის პირობებში სებ-ის გადაწყვეტილებები უფრო რადიკალური იქნება.

„ეს ირიბად იქნება დაკავშირებული საარჩევნო პროცესთან, ამიტომ არ გამოვრიცხავ ეროვნულმა ბანკმა უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება იყოს უფრო რადიკალური. სებ-ის გადაწყვეტილება იქნება პოპულარული მოსახლეობაში, რადგან თავის მხრივ ეს დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთებს ამძიმებს და ამავდროულად შესაძლოა, პოპულარული იყოს საფინანსო სექტორში, რომელიც მოუწოდებს სებ-ს, რომ უფრო რადიკალურად შეამციროს განაკვეთი.

აქედან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება წლის ბოლომდე ნელი ტემპით გაგრძელდება, ხოლო 2024 წელს შესაძლოა, ეროვნული ბანკისგან უფრო მკვეთრი ნაბიჯები დავინახოთ“, - ამბობს ხიშტოვანი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები