დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიბერსაფრთხეები მუდმივად ცვალებადია, ფინანსური ინსტიტუტები ფხიზლად უნდა იყვნენ - ალექსანდრე ძნელაძე

კიბერსაფრთხეები მუდმივად ცვალებადია, ფინანსური ინსტიტუტები ფხიზლად უნდა იყვნენ - ალექსანდრე ძნელაძე

16-05-2024 10:59:00

საქართველოს საბანკო ასოციაციამ, USAID-ის მიერ დაფინანსებულ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამასთან (CIDR) პარტნიორობით, უმასპინძლა „სამუშაო შეხვედრას საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების შესახებ“.

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც კომერციული ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ, მიეძღვნა საქართველოს საბანკო სექტორის კიბერმედეგობის განმტკიცების საკითხს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის გზით.

მოწვეული სპიკერი, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი, ელენა მატონე, CISA, CRISC და სფეროში აღიარებული ლიდერი, რომელსაც ლუქსემბურგის 2019 წლის ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცრის (CISO), 2020 წლის გლობალური და ევროკავშირის CISO ტიტულები აქვს მინიჭებული, გაუძღვა შეხვედრის რამდენიმე სესიას, რომლებიც კიბერუსაფრთხოების ცვალებად ლანდშაფტს ეხებოდა და ხაზგასმით ისაუბრა ახლად წარმოშობილ გამოწვევებსა და რისკების შერბილების სტრატეგიებზე. მან სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაუზიარა კიბერუსაფრთხოების სფეროში მის ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობით.    

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ, აღნიშნა: „კიბერ უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საბანკო ინდუსტრიამ წარმატებით უზრუნველყოს ფინანსური ტრანზაქციების საიმედოობა და მომხმარებელთა მონაცემებისა და ბანკების აქტივების დაცულობა. ვინაიდან კიბერსაფრთხეები მუდმივად ცვალებადია, ფინანსური ინსტიტუტები ფხიზლად უნდა იყვნენ და მუდმივად აუმჯობესებდნენ კიბერუსაფრთხოების ღონისძიებებს. დღევანდელმა სამუშაო შეხვედრამ, რომელსაც კიბერუსაფრთხოების უმაღლესი კლასის ექსპერტი უძღვებოდა, უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, რომ გავცნობოდით ცვალებად კიბერსაფრთხეებს და კიბერ-რისკების შემცირების ახალ მეთოდებს“.

კიბერუსაფრთხოების მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ელენა მატონემ, განაცხადა: „კიბერუსაფრთხოების სფეროში იზოლირებულობა მოწყვლადობას განაპირობებს. კოლეგებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არა მარტო სასარგებლოა, არამედ აუცილებელია საფრთხეების მომზადებულად დასახვედრად. ეს სამუშაო შეხვედრა იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობამ უფრო ძლიერი დაცვის მექანიზმების შექმნამდე მიგვიყვანოს მთელი სექტორის მასშტაბით“.

CIDR-ის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ვიტალი ლევინტამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ერთობლივი მუშაობით, საქართველოს ბანკების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საერთო ინფორმაციას იღებენ და, ასევე, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ პირად თვალსაზრისებს. ეს ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიმღებ ყველა პირს, რომ მეტი თავდაჯერებით იმოქმედონ და მათი ბანკები უფრო მედეგი და დაცული გახადონ კიბერთავდასხმების მიმართ“.  

საქართველოს საბანკო ასოციაცია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამასთან თანამშრომლობით მომავალშიც გააგრძელებს  მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა შესაძლებელი იყოს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საბანკო სექტორში მოღვაწე კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს შორის. საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობის გზით, მსგავსი შეხვედრები მათ მონაწილეებს საშუალებას მისცემს, რომ ინფორმირებულნი იყვნენ ცვალებადი კიბერსაფრთხეებისა და კიბერ-რისკის შემცირების გზების შესახებ ეფექტიანი შემარბილებელი ტექნიკების გამოყენებითა და კიბერმედეგობის გაძლიერებით.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომლის მართვასაც ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს სახელით ახორციელებს DAI Global. პროგრამა ფოკუსირებულია კიბერუსაფრთხოების მედეგობის გაძლიერებაზე  დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში.

პროგრამის საერთო მიზანია რეგიონში კიბერუსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საკვანძო ინსტიტუციების დაცვის მექანიზმების გაძლიერების გზით, პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის აუცილებელი სერვისების უწყვეტი მიწოდება და, ამავე დროს, გაზარდოს საერთო მედეგობა კიბერსაფრთხეების მიმართ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები