აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით, მიკროფინანსების მრგვალი მაგიდის ფორმატის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მიკროფინანსების ინიციატივების განვითარებისთვის ერთობლივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინტექ ორგანიზაციების ლიდერები. მათ განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSMEs) და ქალთა ხელმძღვანელობით წამოწყებული ბიზნესების მხარდაჭერას.
ზაზა ფირცხელავამ, კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობაზე და აღნიშნა: „შეხვედრაზე განვიხილეთ ის მრავალფეროვანი გამოცდილებები, მიღწევები და გამოწვევები, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროცესში ვაწყდებით. აქვე ვისაუბრეთ, თუ როგორ გავხადოთ ფინანსური და ციფრული სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორ შევუწყოთ ხელი ტრადიციულ დაკრედიტებაზე ორიენტირებული მიდგომებიდან, თანამედროვე, ციფრულ პროდუქტებზე გადასვლას, რათა მსოფლიოს მასშტაბით გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება“.