დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“, მოსწავლეებისთვის აგრარული ბანაკების პროექტს იწყებს

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“, მოსწავლეებისთვის აგრარული ბანაკების პროექტს იწყებს

2024-05-08 13:00:00

მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის აგრარული ბანაკების პროექტს ვიწყებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, რომ ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მეცხოველეობის მიმართულებით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ახლახან აშშ-ის საელჩოს დახმარებით დავიწყეთ პროექტი - „პროფესიული ორიენტაცია მოსწავლეებში“. მე-10-ე, მე-11-ე, მე-12-ე კლასის მოსწავლეებისთვის აგრობანაკებს გავხსნით. ახლა მიმდინარეობს მოსწავლეების შერჩევა, განაცხადების მიღება პირველ მაისს დასრულდა. მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. ამ ზაფხულს 20 მოსწავლის ადგილი გვაქვს და 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. ეს არის 4 დღიანი ბანაკი, სადაც მოსწავლეებს უფასოდ, შესაძლებლობა ექნებათ დარჩნენ აგრარულ სკოლაში და გაეცნონ ფერმერისა და რძის გადამუშავების ტექნოლოგის პროფესიას“,- განაცხადა თინათინ მახარაძემ.

მისი თქმით, ასევე ბანაკი გაიხსნება სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის, „რადგან მათ ეხებათ პროფესიული ორიენტაცია სკოლებში და მათი მეშვეობით გვსურს, სულ უფრო მეტ მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სექტორისა და ფერმერის პროფესიის შესახებ. ბანაკები წელს და 2025 წელსაც იფუნქციონირებს“.

აგრობანაკებისთვის ორი სამიზნე რეგიონი შეირჩა, თუმცა, როგორც შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ დირექტორი ამბობს ყველა რეგიონიდან შემოვიდა განაცხადი. ყველაზე მაღალი დაინტერესება იყო სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთიდან.

ამასთან აგრარულ სკოლაში 3 წელია ფუნქციონირებს კოლეჯი, რომელიც ავტორიზებულია განათლების სამინისტროს მიერ და ორ პროფესიულ პროგრამის - ფერმერისა და რძის პროდუქტების წარმოების პროცესის სწავლას ახორციელებს.

ასევე არის მოკლევადიანი, ერთთვიანი გადამზადების კურსები. თინათინ მახარაძე ამბობს, რომ ამ კურსებზე მოთხოვნა უფრო დიდია.

„ჰიბრიდული კურსი განკუთვნილია მოქმედი ფერმერებისთვის. ფერმერები ერთი კვირა იმყოფებიან აგრარული სკოლის ბაზაზე, ხოლო დანარჩენი სამი კვირა სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან მათ საკუთარი ფერმის დიდი ხნით მიტოვება. უჭირთ. გასულ წელს 150-მდე ფერმერმა გაიარა კურსი. მოთხოვნა ამ მიმართულებით მზარდია“.

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ დირექტორი ამბობს, რომ შედარებით ნაკლებია მოთხოვნა პროფესიულ გრძელვადიან პროგრამებზე.

„პროფესიული განათლების იმიჯია პრობლემა, უმეტესობა ირჩევს უმაღლეს განათლებას, თანაც სოფლის მეურნეობაც არ არის პოპულარული და ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ჩვენთან ძირითადად ისე ხდება, რომ ხსნიან ფერმას და შემდეგ ხვდებიან, რომ საჭიროა სპეციფიკური ცოდნა. ამიტომ ერთთვიანი პროგრამა უფრო მოთხოვნადია ფერმერების მხრიდან, რადგან იციან, რომ ამ სფეროში საქმიანობა მარტივი არ არის, კონკრეტული და სპეციფიკური ცოდნა სჭირდებათ“, - ამბობს თინათინ მახარაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები