დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხელფასები გაიზარდა, კარგია თუ ცუდი?

ხელფასები გაიზარდა, კარგია თუ ცუდი?

2023-03-17 20:39:18

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.

რამ გამოიწვია ხელფასების ზრდა და რა გავლენა ექნება ამ ფაქტორს ინფლაციაზე? ამის Business Insider Georgia-ს კითხვებს „პი ემ სის“ კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა უპასუხა.

 

  • 2022 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 21.2%-ით არის გაზრდილი. ეს რამ განაპირობა ეკონომიკურმა ზრდამ თუ ბაზარზე სამუშაო ძალაზე გაჩენილმა მოთხოვნამ?

 

ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ხელფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და სამუშაო ძალაზე მაღალი მოთხოვნა, როგორც წესი იწვევს ხელფასების ზრდას. საქსტატის მონაცემებითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 21%-ზე მეტითაა წლიურ ჭრილში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაზრდილი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ინფლაციის მაჩვენებელს აჭარბებს ხელფასების ზრდა და რეალურ ზრდას აქვს ადგილი, რაც თავის მხრივ მისასალმებელია. მეორე რაც საინტერესოა, უკვე ინფლაციის ჭრილში, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ხელფასების ზრდა დამატებით წნეხს ახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე. რადგან ჩვენ ვიცით, რომ მაღალი წნეხი არის ინფლაციის გრძელვადიანად შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზი. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება.

 

  • ანუ ხელფასების 21,2%-იან ზრდაში ინფლაციის ზრდის რისკი ჩანს?

 

ერთის მხრივ დადებით მოვლენასთან გვაქვს შეხება, მაგრამ მეორე მხრივ, ხელფასების წლიური 21.2%-იანი ზრდის პირობებში ძალიან რთული იქნება ინფლაციის მიზნობრივ 3-4%-იან მაჩვენებელზე ჩამოყვანა. განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი ებრძვის მაღალ ინფლაციას. ამ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა. რამდენიმე დღის წინ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის ინსტრუმენტი ეკონომიკის აქტივობის შესაჩერებლად, რათა ცენტრალური ბანკი მზარდ ინფლაციას გაუმკლავდეს.

 

  • როგორ ფიქრობთ, არსებული ინფლაციური რისკების ფონზე ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ გაზარდოს?

 

საქართველოში ცოტა სხვა სურათი გვაქვს, რადგან ეკონომიური ზრდის გამომწვევი მიზეზები ერთჯერადია და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი. მაგალითად ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა 2022 წელს, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მათ შორის ეს არის რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა, რამაც შეიძლება ითქვას საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა.

შესაბამისად ეს განუსაზღვრელობის მაღალი ხარისხი, ჩემი აზრით ეროვნულ ბანკს სიფრთხილისკენ მიმართავს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია (ფასების სტაბილურობა) როგორც მისი მთავარი საზრუნავი, ვერ სტაბილურებად და ისევ გვაქვს მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი. გარედან ყველაფერი კარგად ჩანს - ეკონომიკა და ხელფასები იზრდება, მაგრამ ამავე დროს არის რისკები, რადგან კითხვის ნიშნებია - რამდენად მდგრადია ეკონომიკური ზრდა და ხელფასები? პროდუქტიულობის ზრდის საფუძველზე მოხდა ზრდა თუ ეკონომიკაში ემისიამ დროებითი ბუმი გამომიწვია.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში საქართვლოში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეეადგინა, ხოლო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

42 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები