დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მესტიაში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო, სასტუმროების ბიზნესს პრობლემები აქვს

მესტიაში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო, სასტუმროების ბიზნესს პრობლემები აქვს

2023-05-05 16:30:38

მესტიაში, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო სასტუმროებს პრობლემები შეექმნათ.

განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროებს უჭირთ. სექტორში აცხადებენ, რომ სტუმრებს ხარისხიან სერვისს ვერ სთავაზობენ, რაც მათ იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.

საოჯახო სასტუმრო „ქორულდის“ წარმომადგენელი ნათია ნავერიანი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ აწყობილი ბიზნესი ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, სტუმრების მიღებაზე უარის თქმა უწევთ.

„ელექტროენერგია დღეში რამდენიმეჯერ ითიშება. არის პერიოდი, როცა ლამფისა და სანთლის შუქზე გვიწევს ყოფნა, რაც ტურისტებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს, ადგილობრივია თუ უცხოელი, როდესაც ადამიანი ფულს იხდის, ხარისხიან მომსახურებას ითხოვს, რასაც ვერ ვთავაზობთ, რადგან ელექტროენერგია სტაბილურად არ მოგვეწოდება.

მუდმივად შიშში ვარ, რომ არ შევრცხვე, ასეთ გარემოში რთულია მუშაობა. გვეუბნებიან, რომ ელექტროსადგურები დატვირთვას ვერ უძლებენ. ჩვენ არ გვაინტერესებს მიზეზი, თუ რა ქმნის პრობლემას, ეს კომპანიის მოსაგვარებელია, სხვების გამო ჩვენ არ უნდა ვზარალდებოდეთ.

„ქორულდის“ მუშაობა 10 ქულით ფასდებოდა, იმდენად ხარისხიანი მომსახურება გვაქვს, აწყობილი საქმეა და მთელი შრომა წყალში გვეყრება. იძულებული ვართ, რომ სტუმარს მიღებაზე უარი ვუთხრათ.

უშუქობა, უწყლობა, რაც არ უნდა იყოს მომხმარებელის უკმაყოფილებას გამოიწვევს, საბოლოოდ კი სასტუმროს ავტორიტეტზე, შეფასებებსა და ყველაფერზე აისახება“, - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ქსელი დატვირთვას ვეღარ უძლებს. რის გამოც ხშირად ადგილზე ელექტროენერგია ავარიულად ითიშება.

კომპანიის ინფორმაციით, სვანეთის რეგიონში სადაც, ელექტროენერგია ფიზიკური პირებისათვის ამ დრომდე უფასოა მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. „ენერგო პროს“ მონაცემებით, მხოლოდ 1-ელ მაისს მესტიის მუნიციპალიტეტმა 363 817 კვტ სთ ელექტროენერგია მოიხმარა, ეს დაახლოებით იმდენივეა რაც, მაგალითად, სამეგრელოს თითქმის ნახევარს, რეგიონის ერთდროულად თითქმის 5 მუნიციპალიტეტს დასჭირდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები