დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსხვილ საინვესტიციო პროექტებს სჭირდება დიდი ფინანსური ნაკადები, საუდის არაბეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა - ლევან ვეფხვაძე

მსხვილ საინვესტიციო პროექტებს სჭირდება დიდი ფინანსური ნაკადები, საუდის არაბეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა - ლევან ვეფხვაძე

2024-02-15 12:00:00

რა სექტორები აინტერესებთ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საუდის არაბეთიდან და რა პროექტები შეუძლია შესთავაზოს მათ კერძო და სამთავრობო სექტორებმა, ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი ორმხრივი ბიზნესფორუმის დაწყებამდე „ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.

„საბოლოო ჯამში ჩვენ გვჭირდება სამი ძირითადი მიმართულება, რაზეც ინტერაქცია საუდის არაბეთის ბიზნესმენებთან გვექნება. ეს არის ვაჭრობა, ურთიერთ გაცვლა პროდუქტების, სერვისები. მეორეა - ინვესტიციები, ჩვენთვის საინტერესო მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელთა მიმართაც მათი ინტერესი მაღალია და მესამე, ეს არის ვიზიტორების თემა, იმიტომ რომ ტურიზმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სექტორია. საუდის არაბეთის ბაზარი კი ამ კუთხით მიმზიდველია“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით, უფრო მჭიდრო სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობისთვის, მნიშვნელოვანია, თუ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შედგება. „ვფიქრობ, თუკი შედგება მთავრობათაშორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეს იქნება ძალიან კარგი ნიშანი ინვესტორებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობის დონე გაცილებით მაღალია და საუდის არაბეთის კომპანიებისთვის საქართველო როგორც ქვეყანა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება საინვესტიციოდ“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

რაც შეეხება ინვესტირების მოზიდვის საკითხს, ვეფხვაძის განმარტებით ამ შემთხვევაში კერძო სექტორსაც და სახელმწიფოსაც თავისი ნიშა უკავია.

„კერძო სექტორის მხრიდან ალბათ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პროექტებს ჰქონდეს ის ფორმა და ის სახე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის მისაღები. უნდა იყოს ფინანსური ნაკადები კარგად დათვლილი და გააზრებული იმისთვის, რომ ინვესტორებისთვის იყოს მიმზიდველი პროექტები. სახელმწიფომ ამ პროექტებთან მიმართებით ინვესტორებს, საჯარო პლატფორმიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებები უნდა დაანახოს და მზაობა გამოხატოს, რომ გადაწყვეტილებები დროში ძალიან მოკლე პერიოდში იქნება მიღებული. რისი შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის ტრანსპორტი და ლოგისტიკის სექტორი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა და თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რაც დღეს გვაკლია. მეორე, ეს არის ენერგეტიკა... რიგშია მსხვილი საინვესტიციო პროექტები, სადაც შესაძლოა, ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობა ვერ მოხდეს. აქ ჩვენ გვჭირდება დიდი ფინანსური ნაკადების მოზიდვა და საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. ეს არის ჰიდრო პროექტები, შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელიც მოითხოვს გარე ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, დღეს სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი იმართება, რომელსაც 300-მდე დელეგატი დაესწრება. 

ბიზნესფორუმს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი ხალიდ ალ-ფალიჰი გახსნიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები