დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მწვანილის წარმოება მცირდება - მიზეზები

მწვანილის წარმოება მცირდება - მიზეზები

2023-03-31 10:33:06

ქართული მწვანილის მწარმოებელი კომპანია ,,რკ ქვიტირის“ წარმოება და რეალიზაცია გასულ წელს 25%-ით შემცირდა. ამის მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელი, მეწარმე გოდერძი შავგულიძე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას და სამუშაო ძალასთან დაკავშირებულ პრობლემას მიიჩნევს.

„2022 წელს მოსავლიანობაში მკვეთრი კლება გვქონდა. რუსეთ-უკრაინის ომმა ამ მხრივ დიდი დაბრკოლება შექმნა, საწყის ეტაპზე, ეს იყო ნეგატიური მოლოდინი, გაურკვევლობა, რამაც კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა.

ჩვენ შემთხვევაში ამას დაემატა მუშახელთან დაკავშირებული პრობლემაც, ამ მხრივ დიდ ბარიერს ვაწყდებით, ვერ ვშოულობთ კადრებს, რაც წარმოებაზეც ცუდად აისახება. საბოლოო ჯამში, 25-30%-იანი კლებაა, რაც წარმოებისთვის დიდი დანაკარგია. რამდენადაც ვიცი, მასიურად ეს პრობლემაა მწვანილის წარმოებაში, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი", - ამბობს გოდერძი შავგულიძე Business Insider Georgia- თან.

მისი თქმით, „ქვიტირის“ პროდუქცია ექსპორტზე ძირითადად მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და ბელორუსში გადის. კომპანიაში 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაახლოებით კიდევ ამდენს დაასაქმებს, მაგრამ დეფიციტის გამო საჭირო კადრს ვერ შოულობს.

ცნობისთვის, კოოპერატივი „ქვიტირი“ წყალტუბოში, 2014 წლის ბოლოს შეიქმნა. კომპანიის საკუთრებაშია დაახლოებით 3000 -4000 კვ.მეტრის ფართობზე არსებული სათბურები.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოდან მწვანილის ექსპორტი შემცირებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან 3 238 ტონა ($ 3, 225 მლნ.) მწვანილი გავიდა, რაც 18,6%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე, როცა ექსპორტი 3 979 ტონა ($4, 009მლნ.) იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები