დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Omnibus-ი, რომელიც ტურისტული ჯგუფებისა და მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ემსახურება, საავტობუსო პარკის ზრდას გეგმავს

Omnibus-ი, რომელიც ტურისტული ჯგუფებისა და მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ემსახურება, საავტობუსო პარკის ზრდას გეგმავს

2024-03-27 14:00:00

კომპანია Omnibus-ი, რომელიც ტურისტული ჯგუფების გარდა, მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ემსახურება საავტობუსო პარკის ზრდას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Omnibus-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კაბულაშვილმა განაცხადა, კომპანია სეზონის ბოლომდე ავტოპარკს 5-6 ავტობუსს დამატებს. 

„ამჟამად Omnibus-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია საკუთრებაში არსებული 34 ერთეული ავტობუსისგან. მიმდინარე სეზონზე კი ვგეგმავთ 5-6 ავტობუსის დამატებას და ჩვენი პარკში რაოდენობა დაახლოებით 40 ავტობუსამდე  გაიზრდება“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ​ქუთაისის აეროპორტის მიმართულებას რეგულარულად ემსახურება 14-15 ავტობუსი. 

„როგორც იცით აეროპორტში მყარად ფიქსირებული გრაფიკი არ არის და შესაძლოა, ყველა ავტობუსი გავიდეს რეისზე. 

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავტობუსების დატვირთულობა 80-90%-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. სხვა სეზონზე შესაძლოა, დატვირთულობა 70%-ი იყოს, მაგრამ ზაფხულის მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ირაკლი კაბულაშვილმა.

მისი თქმით, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 30%-მდე გაიზრდება, ხოლო 2024 წლის პროგნოზებზე ჯერჯერობით რთულია საუბარი.

„დაბალ ტურისტულ სეზონზე რეისების რაოდენობა მცირდება და მაღალზე იზრდება. რაც შეეხება მგზავრთნაკად, უცხოელებიდან ლიდერობენ მგზავრები ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და ასევე მესამე  შეიძლება ვთქვათ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მგზავრები. ზოგადად, როგორც იცით ქუთაისში ბალტიის ქვეყნებიდან სულ 3 მიმართულებით სრულდება ფრენები. 

რაც შეეხება მგზავრების სტატისტიკას უცხოელების წილი დაახლოებით 20%-ია, ხოლო დანარჩენი ქართველი მგზავრები არიან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ზაფხულის სეზონზე რეისები დღეში 13 სიხშირით სრულდება. გააჩნია ფრენების განრიგს, როგორც იცით ყოველდღე თანაბარი ფრენები არ სრულდება“, - აღნიშნა ირაკლი კაბულაშვილმა.

ირკვევა, რომ კომპანიის უცხოელი მგზავრთნაკადში დიდი წილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის მიმართულებაზე მოდის. 

„ქუთაისი-ბათუმის მგზავრთნაკადი სტაბილურად ერთნაირია. ზამთარში ყოველთვის იკლებს და ზაფხულში იზრდება“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ცნობილია, რომ Omnibus-ი აქტიურად ემსახურება ტურისტულ ჯგუფებს.

„ჩვენ ცალკე ავტობუსები გვყავს გამოყოფილი, რომლებიც ტურისტულ ჯგუფებს ემსახურება. თბილისის  მასშტაბით ყველა ტურისტულ კომპანიას ვეთანამშრომლებით. თუმცა ვცდილობთ იმ კომპანიებთან ვიმუშაოთ, რომელებსაც ჰყავთ ევროპელი მომხმარებლები. რადგანაც ჩვენი ავტობუსები არის პრემიუმ კლასის და მაღალ ბიუჯეტური, რეალურად უფრო ევროპელი მომხმარებელი იყენებს. თუმცა გვყავს კლიენტები აშშ-დან, ისრაელიდან და ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულია ჩინური ბაზარი“, - აღნიშნა Omnibus-ის გენერალურმა დირექტორმა.

კომპანია Omnibus-მა სატრანსპორტო სფეროში საქმიანობა 2008 წელს დაიწყო.

„წლიდან წლამდე დაგვიგროვდა გამოცდილება, გაიზარდა პარკი და გაჩნდა სხვა კომპანიების მიერ ჩვენი მომსახურების მიმართ ინტერესი. ჩვენი გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებამ შედეგი მალე გამოიღო და გაჩნდნენ ჩვენი მომსახურების ხარისხით კმაყოფილი კლიენტები. მართალია, თავიდან ამ კომპანიების ჩამონათვალი მწირი იყო, თუმცა მათმა ერთგულებამ კიდევ უფრო გაგვათამამა და გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა ბრენდი სახელად, OMNIBUS-ი. ასე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე, სულ სხვა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით და ახალი მიზნები დავისახეთ.

დღეს ლიდერი სატრანსპორტო კომპანია ვართ და, თუ 2008 ში ჩვენი სატრანსპორტო მომსახურების წილი 100 % ჩვენივე კომპანიის ტურისტებზე მოდიოდა, დღეს 90 % პარტნიორ ტურისტულ კომპანიებს ვემსახურებით. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ არამხოლოდ წამყვანი შემომყვანი ტურისტული კომპანიები, არამედ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაღალი რანგის დელეგაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. 2018 წელს, ათი წლის თავზე, მოვიპოვეთ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზია ქუთაისი აეროპორტის მიმართულებით, ახალი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა, დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ, რომელიც ორ ძირითად პრინციპს ემყარება: უსაფრთხოებას და კომფორტს“, - აღნიშნულია Omnibus-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები