დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტიდან ამ კანონის გაწვევა უნდა მოხდეს - ზვიად ჭუმბურიძე

პარლამენტიდან ამ კანონის გაწვევა უნდა მოხდეს - ზვიად ჭუმბურიძე

2023-03-07 14:40:06

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების კანონის ინიციირებამ უკვე მოახდინა უარყოფითი გავლენა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს როდესაც საქართველო მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა, ნამდვილად არ გვაქვს დრო, რომ ჩვენი საზოგადოების ენერგია და შრომა ამ კანონის განხილვაში დაიხარჯოს. ვფიქრობ, რომ პარლამენტიდან ამ კანონის გაწვევა უნდა მოხდეს“, - ამბობს ჭუმბურიძე.

მისივე თქმით, ეს კანონი ვნებს საქართველოს ევროინტეგრაციას, მითუმეტეს მაშინ, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესშია.

„ეს კანონი კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას, პარლამენტს, ხელისუფლებას, ეს ფაქტია. და რა თქმა უნდა ეს გავლენას მოახდენს ინვესტორების განწყობაზე, ზოგადად ეკონომიკურ განვითარებასა და რაც მთავარია პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ზოგადად ინვესტორებს მყისიერი რეაქცია არ აქვთ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ექნება უარყოფითი შედეგი და გავლენა, ამაში დარწმუნებული ვარ.

თუ გვსურს, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და ვართ კიდეც მათი ნაწილი ამ კანონის განხილვა უნდა შეწყდეს. უნდა გავითვალისწინოთ ევროპის ქვეყნების მეგობრული რჩევები.

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს რჩევები კეთდება ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და საქართველო მარტო რუსეთთან არ უნდა დარჩეს.

ჩვენ უნდა გავიაროთ ფორმალობები, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და შემდგომი ნაბიჯი იქნება გაწევრიანება.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა. ასევე კანონს მხარი დაუჭირა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა.

კანონპროექტების განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ნინო ნატროშვილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები